Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)
Ebook898 pages12 hours

დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ფაუსტის ვერიის თანამედროვე ლეგენდა, რომელშიც მეოცე საუკუნის კომპოზიტორი თავის სულს მიჰყიდის ეშმაკს არტისტული ძალისთვის, რომელიც მას ესოდენ სწყურია. რომანში ბრწყინვალედაა ერთმანეთს გადაწნული მუსიკა, ფილოსოფია, თეოლოგია და პოლიტიკა. ადრიან ლევერკიუნი ნიჭიერი კომპოზიტორია, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს სიმაღლეების მისაღწევად. შედეგად ის იღებს დიდების 24 წელიწადს - მუსიკალურ ინოვაციათა პერიოდს, რომელიც პროგრესულ და დამანგრეველ შეშლილობასთანაა გადაჯაჭვული. რომანი ასევე იკითხება, როგორც გერმანიაში მესამე რაიხის აღზევების ალეგორია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 4, 2021
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)

Read more from თომას მანი

Related to დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)

Related ebooks

Related categories

Reviews for დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I) - თომას მანი

    თომას მანი - დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი პირველი)

    Thomas Mann -Doctor Faustus (Erster Teil.)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კარლო ჯორჯანელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI

    VII

    VIII

    IX

    X

    XI

    XII

    XIII

    XIV

    XV

    XVI

    XVII

    XVIII

    XIX

    XX

    XXI

    XXII

    XXIII

    XXIV

    XXV

    განმარტებები

    Lo giorno se n'andava, e l'aere bruno

    toglieva gli animai che sono in terra

    dalle fatiche loro, ed io sol uno

    m'apparecchiava a sostener la guerra

    si del cammino e si della pietate,

    che ritrarrà la mente che non erra.

    O Muse, o alto ingegno, or m'aiutate,

    o mente che scrivesti ciò ch'io vidi,

    qui si parrà la tua nobilitate.

    დღე მიიწურა; დედამიწა საღამოს მწუხრმა

    ბინდით შემოსა და დაღლილნი მუშაკნი მიწის

    განსასვენებლად განამზადა: მე მარტოოდენ

    მელოდა შრომა დამქანცველი: სავალი მძიმე

    და შებრძოლება სიბრალულის გრძნობასთან ჩემში.

    ყველაფერს ამას ხსოვნა ჩემი გაუწყებთ სწორი.

    შველას გენუკვით ო, მუზებო, გენიავ დიდო

    ხოლო შენ, სწორო მატიანევ, ჩემგან ხილულის,

    მეხსიერებავ, ახლა უნდა იჩინო თავი!

    დანტე, ჯოჯოხეთი, ქება მეორე

    (თარგმანი კ. ჭიჭინაძისა)

    I

    მინდა დაბეჯითებით მოგახსენოთ, თავის გამოჩენა როდი მსურს, რაკიღა ჩემი ვინაობისა და ავ-კარგის მაუწყებელი ორიოდე სიტყვით ვიწყებ ცხონებული ადრიან ლევერკიუნის ამბავს - ფასდაუდებელი ადამიანისა და გენიალური მუსიკოსის ამ პირველსა და, რაღა თქმა უნდა, არცთუ საბოლოო ბიოგრაფიას, ვისაც ბედმა ასე საშინლად უმუხთლა, ჯერ ზე აიტაცა და მერმე კი უფსკრულში გადაჩეხა. მხოლოდ და მხოლოდ ის მაიძულებს ასე მოვიქცე, რომ მკითხველი, ან უმჯობესია ვთქვა: მყობადი მკითხველი-მეთქი, რადგან ამჟამად ხომ ჩემი ხელნაწერის გამოქვეყნების იოტისოდენა იმედიც არა ჭიატებს, თუ სასწაული არ მოხდა და იგი ალყაშემორტყმული „ევროპის ციხე-სიმაგრის" მიღმა არ აღმოჩნდა, რათა გარეთ მყოფთ სიოს ოდნავი მონაბერივით მაინც აგრძნობინოს ჩვენი მარტოობის გამოცანები… მაგრამ ნება მიბოძეთ ისევ თავიდან დავიწყო: მხოლოდ იმიტომ, რომ მგონია, გაკვრით მაინც იკითხავენ: ნეტავი ვინა წერსო, მის ბიოგრაფიას წინ ზოგ რამეს ჩემს შესახებაც ვურთავ, თუმცა ამასთანავე იმასაც ვხვდები, რომ სწორედ ამით შეიძლება მკითხველი დავაეჭვო, საიმედო მთხრობელის ხელში მოხვდა თუ არა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვა, შესწევს თუ არა ჩემი ყაიდის კაცს ამ ამოცანის დაძლევის უნარი, რაც ალბათ უფრო იმიტომ მოვიწადინე, რომ გული მერჩოდა, ვიდრე სულიერი ნათესაობით ვიყავი უფლებამოსილი.

    მე გადავიკითხე წინა სტრიქონები და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ისეთი მოუსვენრობა და შეჭირვება აღმოვაჩინე, თითქოს სუნთქვა მეკვროდეს, რაც ესოდენ ნიშანდობლივია იმ სულიერი განწყობისათვის, რომელშიც დღეს ვიმყოფები, 1943 წლის 23 მაისს, ლევერკიუნის სიკვდილიდან ორი წლის შემდგომ, როდესაც საწერ მაგიდას ვუზივარ ჩემს ძველისძველ და პატარა კაბინეტში, იზარის ფრაიზინგში, რათა უფლის წიაღსა შინა განსვენებული - ო, ნეტავი მართლაც ასე იყოს! - უფლის წიაღსა შინა განსვენებული ჩემი უბედური მეგობრისა ჟამთა აღწერას შევუდგე: ნიშანდობლივია-მეთქი, მოგახსენეთ, ისეთი სულიერი განწყობისათვის, რომელშიაც მსახვრალად არის ერთმანეთში აღრეული გულის ფანცქალით რაიმეს გაზიარების წყურვილი და შეუფერებელი რამის გამხელის შიში. მე ბუნებით დიახაც თავდაჭერილი კაცი გახლავართ და, ალბათ შეიძლება ითქვას, საღი, ჰუმანურად გაწონასწორებული, ჰარმონიულისა და გონივრულისადმი კეთილად განწყობილი ხასიათი მაქვს; სწავლული ვარ და „ლათინური ლაშქრის" conjuratus[1]-ი, თუმცა არც ხელოვნებაა ჩემთვის მთლად უცხო (viola d'amore-ზე ვუკრავ), ოღონდ მუზების პირმშო უფრო ამ სიტყვის აკადემიური გაგებითა ვარ და თავს სიამოვნებით ვრაცხ „ბნელ კაცთა წერილების" დროინდელ გერმანელ ჰუმანისტთა მემკვიდრედ - როიჰლინის, კროტუს დორნჰაიმელის, მუციანუსისა და ეობან ჰესეს შთამომავლად. დემონურ საწყისს, თუმცა სრულიად არ უარვყოფ მის ზეგავლენას ადამიანის ცხოვრებაზე, ყოველთვის აღვიქვამდი როგორც ჩემთვის უცხოს, ინსტინქტურად გამოვრიცხავდი მას ჩემი მსოფლაღქმიდან და სულაც არ მეპრიანებოდა, გაბედულად შევხმიანებოდი ქვესკნელის ძალებს, მე თვითონ კადნიერად მეხმო ისინი, ხოლო როდესაც თვითონ მომადგებოდნენ მაცდურად, ნეკსაც არ ვანებებდი საკბენად. ამგვარი სულისკვეთების გამო მსხვერპლის გაღება მიხდებოდა, იდეალურის სფეროშიც და გარეგნული კეთილდღეობის თვალსაზრისითაც. ასე, მაგალითად, ვადამდე ადრე გავანებე თავი ჩემს საყვარელ პედაგოგიურ მოღვაწეობას, როგორც კი დავრწმუნდი, რომ იგი აღარ შეესაბამებოდა ჩვენი ისტორიული განვითარების არსსა და მოთხოვნებს. ამ მხრივ ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მაგრამ ასეთი სიმტკიცე ან, თუ გნებავთ, შეზღუდულობა ჩემი, როგორც ზნეობრივი პიროვნებისა, კიდევ უფრო მიღვივებს ეჭვს, ძალმიძს თუ არა იმ ამოცანის დაძლევა, რომელსაც შევეჭიდე.

    ეს-ეს არის კალამი მოვიმარჯვე და უკვე ისეთი სიტყვა ჩამოიღვენთა ქაღალდზე, რომ გულში დაბნეულობა ვიგრძენი - სიტყვა „გენიალური. ჩემი ცხონებული მეგობრის გენიალურ მუსიკოსობაზე ვლაპარაკობდი. ისე კი, სიტყვა „გენია თუმცა ზომიერების ფარგლებს მიღმა დგას, მაგრამ მაინც უთუოდ კეთილშობილი, ჰარმონიული, ჰუმანური და საღი ჟღერადობისაა, იერისაა და ჩემნაირ კაცს, რაკი მას არავითარი პრეტენზია არა აქვს: ჩემს არსებასაც წილი უდევს ამ რეგიონებში და divinis influxibus ex aito[2] დაჯილდოებული გახლავართო - რაიმე გონივრული საბაბი არ უნდა გააჩნდეს, მას უფრთხოდეს და მის შესახებ პატივისცემით, მოკრძალებით და სახეგაბრწყინებული არ ლაპარაკობდეს. ასე ჩანს. და მაინც არ შეიძლება იმის უარყოფა და არც არასოდეს არ უარყოფდნენ, რომ ამ შარავანდედით მოსილ სფეროში შემაშფოთებელი წილხვედრი დემონურსა და საღი გონების საწინააღმდეგოზე მოდის, რომ მუდამ არსებობს რაღაც ფარული, შემაძრწუნებული კავშირი ამ სფეროსა და ბნელეთის საუფლოს შორის და რომ სწორედ ამიტომ დამამშვიდებელი ეპითეტები, რომლებითაც მის შემკობას ვლამობდი: „კეთილშობილი, „საღი, „ჰუმანური და „ჰარმონიული, - მთლიანად როდი მიესადაგებიან, თვით მაშინაც კი - გულისტკივილით ვახდენ ასეთ გამიჯვნას - თვით მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ხალასსა და შეურყვნელ, ღვთის მიერ ნაწყალობევსა თუ მისჯილ გენიალობას და არა ძალდატანებითსა და დამღუპველს - ბუნებრივი ნიჭის მკრეხელურსა და პათოლოგიურ წვას, სულის გაყიდვასა და ამაზრზენი გარიგების აღსრულებას.

    აქ სიტყვა მიწყდება და ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მხატვრულობის თვალსაზრისით სამარცხვინო შეცდომა მომსვლოდეს და თავშეუკავებლობა გამომეჩინოს. თავად ადრიანი ალბათ არ დაუშვებდა, რომ, ვთქვათ, მის რომელიმე სიმფონიაში ნაადრევად აჟღერებულიყო ამგვარი თემა. ის ალბათ უფრო ნატიფად, შეფარვით, ძლივს აღსაქმელად შემოგვაპარებდა მას შორიდან. თუმცა შეიძლება ის, რაც უნებლიეთ წამომცდა, მკითხველმა მხოლოდ როგორც ბუნდოვან, საეგებიო მინიშნებად აღიქვას და მარტოოდენ მე მეჩვენებოდეს წინამასწარა მოურიდებლობად. ჩემნაირ კაცს მეტად უჭირს, ლამის კადნიერებადაც კი ესახება, იმ საგანს, რომელიც მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასია, რომელიც ერთი წამითაც არ აძლევს მოსვენებას, შემოქმედი ხელოვანის პოზიციიდან მიუდგეს, თითქოს გულს იყოლიებდეს, ისე აწონ-დაწონოს და განსაჯოს. ამის გამო იყო, რომ წმინდა და არაწმინდა გენიოსს შორის განსხვავებას ასე ნაადრევად შევეხე. ეს განსხვავება მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ იმწამსვე მეკითხა: ნამდვილად კი არსებობს-მეთქი ასეთი რამ? მართლაცდა, ყოველივე იმან, რაც განვიცადე, მაიძულა ამ პრობლემაზე ისე დაძაბულად, ისე დაჟინებით მეფიქრა, რომ თავზარდაცემულს დროდადრო მეჩვენებოდა, თითქოს ამის გამო მეც ვლახავდი აზროვნების სფეროში საკუთრივ ჩემთვის ბოძებულ სამანებს და თვითონაც განვიცდიდი ჩემი ბუნებრივი შესაძლებლობების „არაწმინდა" მოზღვავებას...

    ისევ გამიწყდა თხრობის ძაფი, რადგან მომაგონდა: გენიასა და მის უ ც ი ლ ო ბ ლ ა დ დემონურ ბუნებაზე მხოლოდ იმიტომ დავიწყე ლაპარაკი, რომ განმემარტა, რატომ მეპარებოდა ეჭვი, გამაჩნია თუ არა ჩემი ამოცანის გადასაჭრელად საჭირო მონაცემები. ისე კი, სინდისის ქენჯნა იმითი მაინც შემიძლია გავიქარწყლო, რომ მე წილად მხვდა ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გენიალური ადამიანის მახლობლად გამეტარებინა, შინაურულად ვყოფილიყავი ჩემს გმირთან, სიყრმიდანვე მცნობოდა, მოწმე ვყოფილიყავი მისი ჩამოყალიბებისა, ხვედრისა და შემოქმედებაშიც კი მცირედი რამ შემწეობა აღმომეჩინა, ლიბრეტო ლევერკიუნის ჭაბუკობის დროინდელი მხიარული ოპერისა შექსპირის კომედიის მიხედვით - „სიყვარულის ამაო გარჯა - მე მეკუთვნის და გროტესკული საოპერო სიუიტის - „Gesta Romanorum-ის ტექსტიც ჩემი მონაწილეობითაა შედგენილი, ასევე ხორატორიისაც: „გამოცხადებაი წმიდისა ღმრთისმეტყველისა იოანესი". ამის გარდა, მე გახლავართ მისი ფასდაუდებელი ჩანაწერების მფლობელიც, რომლებიც აწ უკვე ჩვენგან წასულმა მე მიანდერძა და არა ვინმე სხვას, საღ-სალამათმა ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, შედარებით საღ-სალამათმა, ანუ იურიდიული თვალსაზრისით ჯანმრთელმა, და რომელთაც თხრობის ჟამს დავეყრდნობი. უფრო მეტიც, მინდა მათგან ზოგიერთი საგანგებოდ შერჩეული ნაწყვეტი პირდაპირ ჩავრთო კიდეც ჩემს ნაამბობში. ბოლოს, რაც თავის გასამართლებლად უმთავრესი და უპირველესი საბუთია, თუ ადამიანთა წინაშე არა, ღმერთის წინაშე მაინც: მე იგი მიყვარდა - ძრწოლით, ნაზად, გულის ტკივილით, თავდადებითა და თაყვანისცემით, თან არ დაგიდევდით, ოდნავ მაინც იზიარებდა თუ არა მეგობარი ჩემს გრძნობას.

    ო, არა, არ იზიარებდა. მუსიკალურ თხზულებათა ესკიზები და დღიური რომ დამიტოვა, ეს მის საქმიან-მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, ლამის ვთქვა: გულმოწყალე დამოკიდებულებას-მეთქი, და უთუოდ ჩემთვის საპატიო ნდობას - ჩემი კეთილსინდისიერების, სიწმინდისა და წესიერების რწმენას. ხოლო სიყვარულით კი, განა ვინმე ჰყვარებია ამ კაცს? ოდესღაც ერთი ქალი - ალბათ. სიცოცხლის დასასრულს კი ბავშვი - ესეც შეიძლება დავუშვათ. აგრეთვე, ერთი სანდომიანი და ქარაფშუტა, ყველას გულს რომ ინადირებდა, ისეთი კაცი, რომელიც შემდგომ, როგორც ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ გული ჰქონდა მასზე შევარდნილი, თავიდან მოიცილა, სახელდობრ, სასიკვდილოდ გაისტუმრა. ვისთვის გაუნდვია ხვაშიადი? ვის ჩაუხედავს მის ცხოვრებაში? ასეთი რამ ადრიანს არ ემართებოდა. ღმერთმანი, ადამიანთა ერთგულებას ისე იღებდა, რომ ხშირად მას ვერც კი ამჩნევდა; მისი გულგრილობა იქამდე მიდიოდა, რომ თითქმის არასოდეს არ იცოდა, მის ირგვლივ რა ხდებოდა, რა საზოგადოებაში იმყოფებოდა და ის ფაქტი, რომ მოსაუბრეს ძალზე იშვიათად მიმართავდა სახელით, მაფიქრებინებს - მან ეს სახელი სულაც არ უწყოდა, მაშინ როდესაც თანამოსაუბრეს სრული უფლება ჰქონდა პირიქით ჰგონებოდა. ადრიანის მარტოობას უფსკრულს შევადარებდი, რომელშიც უჩუმრად და უკვალოდ ინთქმებოდა გრძნობები, მის მიმართ რომ იჩენდნენ ადამიანები. მის ირგვლივ სიცივეს დაესადგურებინა - რა სიმძიმილით მევსება სული, როდესაც სიტყვა „სიცივეს" ვწერ, რომელიც ოდესღაც განა თვითონ არ ახსენა ესოდენ შემაძრწუნებელ კონტექსტში! ცალკეულ სიტყვებს ცხოვრება და გამოცდილება ისეთ ემოციურ იერს ანიჭებს, რაც სრულიად უცხოა მათი ყოველდღიური მნიშვნელობისათვის; ეს კი მათ ისეთ მრისხანე არილში ახვევს, რომელსაც ვერავინ ხედავს, თუ ერთხელ მაინც არ გასცნობია მათს უსაშინლეს მნიშვნელობებს.

    II

    მე ფილოსოფიის დოქტორი ზერენუს ცაიტბლომი გახლავართ. ასე ნაგვიანებად რომ გაგაცანით თავი, ჩემთვისაც უცნაურია, მაგრამ, რა გაეწყობა, თხრობის მსვლელობამ აქამდე ამის საშუალება არ მომცა. სამოცი წლის გავხდი უკვე, რამეთუ ოჯახის პირმშო - ჩემს მშობლებს შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინათ - 1883 წელს დავიბადე ზაალეს კაიზერსაშერნში (მერზებურგის რაიონი), იმავე ქალაქში, სადაც ლევერკიუნმა მოწაფეობის წლები თავიდან ბოლომდე გაატარა. ამიტომ შემიძლია მისი აღწერა მანამდე გადავდო, ვიდრე ამ წლების მსვლელობას გიამბობდეთ. საერთოდ, ვინაიდან ჩემი ცხოვრების გზა მრავალმაგად არის გადახლართული დიადი მაესტროს ცხოვრების გზასთან, ურიგო არ იქნება, თუ მათ ერთმანეთთან შერწყმულად მოგითხრობთ, რათა ხელი არ მომეცაროს და ამბებს წინ არ გადავუსწრო ხოლმე. საამისოდ ხომ ისედაც მუდამ განწყობილი ხარ კაცი, როცა გული სავსეა მოზღვავებული გრძნობებით.

    აქ მხოლოდ აღვნიშნავ, რომ საშუალო წოდების ზომიერ, ნახევრად ინტელიგენტურ წრეში დავიბადე. მამაჩემი, ვოლგემუტ ცაიტბლომი, აფთიაქარი იყო, და თანაც გამორჩეული: კიდევ მეორე ფარმაცევტული დაწესებულებაც არსებობდა კაიზერსაშერნში, მაგრამ მას საზოგადოება ისე არ ენდობოდა, როგორც ცაიტბლომისეულ აფთიაქს, რომელსაც „სულმნათი მოციქულები" ეწოდებოდა, და ამიტომ ამ მეორეს მუდამ უჭირდა მასთან მეტოქეობა. ჩვენი ოჯახი ქალაქის მცირერიცხოვან კათოლიკურ მრევლს ეკუთვნოდა, მაშინ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტები იყვნენ. დედაჩემი სათნო მხევალი გახლდათ ეკლესიისა და კეთილსინდისიერად ასრულებდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, მამაჩემი კი, როგორც ჩანს, მოუცლელობის გამოც, მათ დაუდევრად ეკიდებოდა, თუმცა ამის გამო უარზე როდი იყო მხარი აება ხოლმე თავის ერთმორწმუნეთა დაჯგუფებისათვის, რასაც, რასაკვირველია, პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. საყურადღებოა, რომ ჩვენი მოძღვრის - ეკლესიის მრჩეველ ცვილინგის გვერდით ქალაქის რაბინიც, დოქტორი კარლებახიც იჯდა ხოლმე ლაბორატორიისა და აფთიაქის თავზე მდებარე ჩვენს სასტუმრო ოთახში, ეს კი პროტესტანტულ ოჯახში ალბათ ძნელად წარმოსადგენი ამბავი იქნებოდა. გარეგნულად რომის ეკლესიის წარმომადგენელი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით, რაც უმთავრესად ალბათ მამაჩემის გამონათქვამებიდან შემექმნა, ეს ფესით დამშვენებული, ტანდაბალი და გრძელწვერა თალმუდისტი სხვა სჯულის კაცს, მაგრამ ხელობით მაინც თავის თანამოძმეს ბევრად აღემატებოდა განსწავლულობითა და რელიგიური გამჭრიახობით. შესაძლოა, ახალგაზრდობაში განცდილის ბრალია, მაგრამ ალბათ ებრაელთა წრეების ინტუიციური კეთილგანწყობილებისაც ლევერკიუნის შემოქმედებისადმი, რომ მე სწორედ ებრაელთა საკითხის დასმასა და მისი გადაწყვეტის ცდაში ბოლომდე ვერ ვუჭერდი მხარს ჩვენს ფიურერსა და მის პალადინებს. ამის გამოც იყო, რომ გული ამიცრუვდა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ისე კი, ამ მოდგმის სხვა ნაშიერთაც გადავყრივარ - ჩემთვის მიუნჰენელი სწავლულის - ბრაიზახერის გახსენებაც კმარა, რომლის შემაშფოთებლად ანტიპათიურ იერსახეს მე სათანადო ადგილას გავაშუქებ.

    რაც შეეხება ჩემს კათოლიკურ წარმომავლობას, რა თქმა უნდა, ამან ჩემს შინაგან სამყაროს დაღი დაასვა, ზეგავლენა მოახდინა მასზე, მაგრამ ცხოვრების კათოლიკური შეფერილობა არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდა ჩემს ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას, ჩემს სიყვარულს „ხალასი ხელოვნებისა და მეცნიერებისა", როგორც უწინ იტყოდნენ ხოლმე. ეს ორი ელემენტი მშვენივრად თავსდებოდა ჩემს პიროვნებაში, რაც არცთუ ისე ძნელია, თუკი კაცი ძველ ქალაქში აღიზარდე, რომლის ტრადიციები და არქიტექტურული ძეგლები სქიზმის წინარე ეპოქებში, ერთიან ქრისტიანულ სამყაროში იღებენ სათავეს. თუმცა კაიზერსაშერნი იმ მხარის შუაგულში მდებარეობდა, სადაც რეფორმაციის აკვანი დაირწა, ლუთერის მხარეში, ქალაქებით: აისლებენით, ვიტენბერგით, კვედლინბურგით, აგრეთვე გრიმათი, ვოლფენბიუტელითა და აიზენახით მოოჭვილ რეგიონში, რაც თავის მხრივ ბევრ რამეს გასაგებს ხდის ლუთერანი ლევერკიუნის შინაგანი ცხოვრებიდან და რამაც განაპირობა კიდეც თავდაპირველად მისი თეოლოგიის ფაკულტეტზე შესვლა, მაგრამ რეფორმაციას მე იმ ხიდს შევადარებდი, რომელსაც არა მხოლოდ სქოლასტიკის ხანიდან ჩვენი თავისუფალი აზროვნების ეპოქაში გადმოვყავართ, არამედ ასევე წარმატებით ჩვენი დროიდან უკან, შუა საუკუნეებშიც, და თანაც ალბათ ბევრად უფრო უკან, ვიდრე საეკლესიო განხეთქილებისაგან ხელუხლებლად შემორჩენილ ქრისტიანულ-კათოლიკურ ტრადიციას განათლების ნათელი სიყვარულისა. ჩემი მხრით, მე ძალზე შინაურულად ვგრძნობ თავს იმ ოქროს სფეროში, რომელშიც წმინდა ქალწულ მარიამს „Jovis alma parens[3]"-ს უწოდებდნენ.

    რათა ცოტა კიდევ შევავსო ყოვლად აუცილებელი ცნობები ჩემი vita[4]-ს შესახებ, მოგახსენებთ, რომ მშობლებმა ხელი შემიწყვეს, გიმნაზიაში მევლო, იმავე სკოლაში, სადაც ჩემზე ორი კლასით დაბლა ადრიანიც სწავლობდა. ეს სასწავლებელი მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში იყო დაარსებული და ჯერ კიდევ სულ ახლო წარსულში ძველებურად „დუხჭირი ცხოვრების მოძმეთა სკოლა" ეწოდებოდა. მხოლოდ ერთგვარმა უხერხულობამ, რასაც ამ სახელის მეტისმეტი ისტორიულობა და ახალი დროის ყურისათვის, ცოტა არ იყოს, სასაცილო ჟღერადობა იწვევდა, აიძულა ხელმძღვანელობა შელეოდა ძველ სახელწოდებას და მეზობელი ეკლესიის მიხედვით მისთვის წმ. ბონიფაციუსის გიმნაზია დაერქმია. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში მისი დამთავრების შემდეგ უყოყმანოდ შევუდექი კლასიკური ენების შესწავლას; ჯერ კიდევ მოწაფეობისას მეხერხებოდა ისინი და მერე მუყაითად ვეუფლებოდი მათ გისენის, იენისა და ლაიპციგის უნივერსიტეტებში, ხოლო 1904 წლიდან 1905 წლის ჩათვლით ჰალეშიც, და თანაც არცთუ შემთხვევით, რადგან იმ დროს ადრიან ლევერკიუნიც იქ სწავლობდა.

    აქ არ შემიძლია, როგორც სხვა დროსაც ხშირად დამმართნია, ჩემი ჭია არ გავახარო და გაკვრით მაინც არ შევეხო კლასიკური ფილოლოგიით დაინტერესებასა და ადამიანის მშვენიერებისა და გონიერების ცხოველ სიყვარულს შორის არსებულ კავშირს, რომელიც მარტო იმითაც ხდება საცნაური, რომ ანტიკური ენებისა და ლიტერატურის შემსწავლელთ ჰუმანისტებს უწოდებენ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანის სულში ენებითა და ჰუმანიტარული საგნებით გატაცება აღზრდის იდეით გვირგვინდება და ახალგაზრდობის აღმზრდელის მოწოდება თითქმის თავისთავად გამომდინარეობს კლასიკური ფილოლოგიის შტუდირებიდან. ბუნებისმეტყველების რეალიებით დასაქმებულ კაცს, რასაკვირველია, შეუძლია მასწავლებელი იყოს, მაგრამ ვერასოდეს ვერ იქნება აღმზრდელი იმ გაგებითა და ხარისხითაც, როგორითაც სიტყვაკაზმული მწერლობის თაყვანისმცემელი. აგრეთვე ჰანგების ენაც (თუ მუსიკას შეიძლება ასე ვუწოდოთ) იქნებ უფრო გულში ჩამწვდომიც კია, მაგრამ უცნაურად დაუნაწევრებელია და, როგორც მე მეჩვენება, ვერ თავსდება პედაგოგიურ-ჰუმანურ სფეროში, თუმცა მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მუსიკა დამხმარე როლს ასრულებდა ბერძნულ აღმზრდელობით სისტემაში და საერთოდ პოლისების საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლოგიკურ-ზნეობრივი სიმკაცრის მიუხედავად, რითაც სურს თავი მოგვაწონოს, მე მგონი, ის უფრო სულების საუფლოს განეკუთვნება და მე თავდებად ვერ დავუდგებოდი: საღი გონებისა და ადამიანური ღირსების საკითხებში ბოლომდე სანდოა-მეთქი. ხოლო თუ მაინც გულგრილი ვერა ვარ მის მიმართ, ეს ერთი იმ შეუსაბამობათაგანია, რომელნიც ჩვენდა სავალალოდ თუ საბედნიეროდ ადამიანის ბუნებას მარად თან ახლავან.

    ისევ გადავუხვიე თხრობის საგანს. თუმცა მაინცდამაინც არა, რადგან საკითხს, შეიძლება თუ არა კეთილშობილურ-დამრიგებლური სულის სამყარო მკვეთრად, საიმედოდ გავმიჯნოთ გრძნეულ სულთა საუფლოსაგან, რომელთანაც დაახლოება მუდამ საფრთხეს უქადის კაცს, უშუალო და მანაც ვაი, რომ ერთობ უშუალო კავშირი აქვს ჩემს საგანთან. ან ადამიანის სხვა რომელი მხარეა, თუნდაც ყველაზე ნათელი, ღირსეული და კეთილსასურველი, რომელიც სრულიად შეუვალი იქნებოდა ქვენა ძალების ზეგავლენისაგან, დიახ, უფრო მეტიც, რომელიც სრულიად არ საჭიროებდეს მათთან გამანაყოფიერებელ კონტაქტს? ეს აზრი, არცთუ შეუფერებელი თვით ისეთი სულისკვეთების კაცისათვის, ვისთვისაც დემონურობა უცხო ხილია, მე იტალიასა და საბერძნეთში თითქმის წლინახევრიანი მოგზაურობისას დამებადა, სადაც ჩემმა კეთილმა მშობლებმა სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გამისტუმრეს. სახელდობრ, აკროპოლიდან წმინდა გზას რომ გადავცქეროდი, რომელზედაც ზაფრანისფერი შუბლსაკრავებით შემკულნი მისტერიათა მონაწილენი მიემართებოდნენ ხოლმე და იაკხოსის სახელი ეკერათ პირზე, და შემდეგ, როცა თვით საიდუმლოს ზიარების ადგილას ვიდექი ევბულოსის მახლობლად, კლდეებით შემოჯარული პლუტონის ხევის პირას. მაშინ ვიგრძენი გუმანით სიცოცხლის განცდის ის მოზღვავება, რომელიც ოლიმპიელ ბერძენთა ქვესკნელის ღვთაებათა თაყვანისცემაში გამოიხატება. უფრო მოგვიანებით კი არაერთხელ განმიმარტავს უფროს კლასელთათვის კათედრიდან, რომ კულტურა არსებითად არის ბნელი ძალების სათნოდ და მოწესრიგებულად, მე ვიტყოდი, დამაშოშმინებლად ჩართვა ოლიმპიელ ღმერთთა კულტში.

    მოგზაურობიდან დაბრუნებულს და უკვე ოცდაექვსი წლისას ადგილი მომცეს ჩემი მშობლიური ქალაქის გიმნაზიაში, ანუ იმავე სასწავლებელში, სადაც აღვიზარდე. აქ რამდენიმე წელიწადი უმცროს კლასებში ლათინურს, ბერძნულს და ისტორიას ვასწავლიდი, ხოლო 1914 წელს კი ბავარიის განათლების სისტემაში გადავედი და ფრაიზინგში, სადაც მას შემდეგ მუდმივად ვცხოვრობ, გიმნაზიის პროფესორად მოვეწყვე, ვიყავი აგრეთვე ღვთისმეტყველების უმაღლესი სასწავლებლის დოცენტიც და ზემოთ დასახელებულ საგნებში ორ ათეულ წელზე მეტხანს გატაცებით ვმოღვაწეობდი.

    მე ადრე დავქორწინდი, როგორც კი კაიზერსაშერნში მასწავლებლად დამნიშნეს. წესრიგის სიყვარულმა და ცხოვრების ფერხულში პატიოსნად ჩაბმის სურვილმა გამაბედინა ეს ნაბიჯი გადამედგა. ჰელენე ოლჰაფენი, ჩემი სანაქებო ცოლი, რომელიც დღესაც, აწ უკვე ხანში შესულს, ერთგულად მივლის, ფაკულტეტითა და თანამდებობით ჩემი ერთი უფროსი კოლეგის ქალიშვილი, წარმოშობით ცვიკაუდან იყო, საქსონიის სამეფოდან. თუმცა ვშიშობ, მკითხველს ღიმილი არ მოვგვარო, მაგრამ მაინც მინდა ვაღიარო, რომ ნორჩი ქალიშვილის სახელმა, ჰელენემ, ჩემთვის ძვირფასმა ამ ბგერათშეხამებამ, არჩევანში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. ასეთი კურთხეული სახელი მირონივით არის, მისი ხიბლი ვის არ მოაჯადოებს, დაე თუნდაც მისი გარეგნობა, ვისაც ჰელენე ჰქვია, მშვენიერების მაღალ მოთხოვნებს მარტოოდენ ბიურგერულად სადად აკმაყოფილებდეს და ისიც მხოლოდ მცირე ხნით, ვიდრე ახალგაზრდული სიტურფე მსწრაფლ გაქრებოდეს. ჩვენს ქალიშვილსაც, რომელიც დიდი ხანია გათხოვილია რეგენსბურგში, კარგ კაცზე, ბავარიის საკრედიტო ბანკის ფილიალის პროკურისტზე, ჰელენე დავარქვით. ასე რომ, როგორც ყოველ ადამის ძეს შეჰფერის, მამობის სიხარული და საზრუნავი მეც გამოვცადე, ოღონდ ზომიერ ფარგლებში, რასაკვირველია. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი არც ერთი შვილი რაიმეთი დიდად გამორჩეული არასოდეს ყოფილა. ბავშვური სილამაზით ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრებოდა პატარა ნეპომუკ შნაიდევაინს, ადრიანის დისწულსა და სიცოცხლის ბოლო ხანს მის თვალის ჩინს, - მზადა ვარ, პირველმა მე განვაცხადო ეს. დღესდღეობით ჩემი ვაჟები თავიანთ ფიურერს ემსახურებიან - ერთი სამოქალაქო თანამდებობაზე, მეორე კი შეიარაღებულ ძალებში, და რადგან საერთოდ ჩემმა კრიტიკულმა პოზიციამ სამშობლოს აწინდელ მესვეურთა მიმართ ჩემს ირგვლივ ერთგვარი სიცარიელე წარმოქმნა, ორივე ყმაწვილი კაცის კავშირიც მამისეულ მყუდრო სახლთან საგრძნობლად შესუსტდა.

    III

    ლევერკიუნები ოდითგანვე ჩინებული ხელოსნები და მეურნეები იყვნენ და მდინარე ზაალეს პირას ცალკერძ შმალკალდენის ოლქსა და ცალკერძ საქსონიის პროვინციაში მკვიდრობდნენ. უშუალოდ ადრიანის წინაპართაგან მრავალი თაობა ობერვაილერის სოფლის სამწყსოში შემავალ ადგილ-მამულ ბუხელს ფლობდა, რკინიგზის სადგურ ვაისენფელზის მახლობლად. აქამდე კაიზერსაშერნიდან მატარებლით ორმოცდახუთი წუთის სავალი იყო, შემდეგ კი ფორნებით ხვდებოდნენ მგზავრებს; ბუხელისთანა ადგილ-მამულის პატრონი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა: ბარე ორმოცდაათი მორგენი სახნავ-სათესი მიწა და სათიბები, საზიარო სავარგული - შერეული ტყე, აგრეთვე ქვის ბალავარზე გამართული ხის მამაპაპური სახლი, ბეღლებსა და ბოსლებთან ერთად ღია ოთხკუთხედს რომ ქმნიდა. ამ ოთხკუთხედის შუაგულში ჩემთვის მარად დაუვიწყარი, ივნისის თვეში სურნელოვანი ყვავილებით გადაპენტილი და მწვანე მერხით გარემოცული ასწლოვანი ცაცხვი იდგა. ლამაზი ხე, ცოტა არ იყოს, ხელს უშლიდა ფორნების მიმოსვლას ეზოში და გამიგონია, თითქოს ყოველი მემკვიდრე ვაჟი ჭაბუკობისას მამის დაყოლიებას ლამობდა: ხელს გვიშლის, უნდა მოვჭრათო, მაგრამ შემდგომ, დავაჟკაცებული და უკვე კარ-მიდამოს ბატონ-პატრონი, ახლა თვითონ იცავდა ამ ხეს თავისი ვაჟიშვილის, ახალი მემკვიდრის ავ ზრახვათაგან.

    ვინ იცის, რაოდენ ხშირად იფარებდა თავის ჩეროში ეს ცაცხვის ხე პატარა ადრიანს, შუადღის ძილისა თუ თამაშის ჟამს - ცოლ-ქმარ იონათან და ელსბეთ ლევერკიუნების მეორე ვაჟს, რომელიც 1885 წელს, ხეების ყვავილობისას, ბუხელის სახლის ზედა სართულზე დაიბადა. მისი ძმა გეორგი, ამჟამად უეჭველად იმ ადგილ-მამულის მეპატრონე, ხუთი წლით უფროსი იყო, ხოლო და, ურზელი, ადრიანთან შედარებით ამდენივე ხნით გვიან გაჩნდა. ვინაიდან ლევერკიუნების კაიზერსაშერნელ მეგობართა და ნაცნობთა წრეს ჩემი მშობლებიც ეკუთვნოდნენ და, უფრო მეტიც, ჩვენს ოჯახებს შორის ძველთაგანვე განსაკუთრებით გულითადი ურთიერთგაგება სუფევდა, ჩვენ ზაფხულობით ზოგჯერ კვირადღეს ბუხელში ვატარებდით, სადაც ფრაუ ლევერკიუნი მადლიერ ქალაქელებს სოფლის გულუხვი ნობათით გვიმასპინძლდებოდა: შინ გამომცხვარი თალხი პურითა და ახალშედღვებილი კარაქით, ოქროსფერი ფიჭიანი თაფლითა და ნაღებმოსხმული ნუგბარი ხენდროთი, აგრეთვე პატარა ლურჯ ქილებში შედედებული შაქარმოყრილი და შავფაშარპურჩაყრილი მაწვნით. ადრიანის, ანდა ადრის, როგორც შინ ეძახდნენ, ყრმობის პირველ წლებში მეურნეობის განმგებლად ისევ პაპამისი და დიდედა ითვლებოდნენ, მაშინ როდესაც საქმეს უკვე მთლიანად უმცროსი თაობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. უკბილო ბერიკაცი მხოლოდ ვახშმობისას თუ გააბამდა ხოლმე მსჯელობას მეურნეობის ამა თუ იმ საკითხზე და დანარჩენები, უნდა ითქვას, ყოველთვის მოკრძალებით უსმენდნენ. ადრიანის ამ ორი წინაპრის შესახებ, რომლებიც მალე თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ, ცოტა რამ თუ შემომრჩა მეხსიერებაში. სამაგიეროდ, ახლაც ცხადლივ თვალწინ მიდგანან იონათან და ელსბეთ ლევერკიუნები, ოღონდ მათი გაქვავებული ხატებანი კი არა, არამედ ცვალებადი: მახსოვს, ჩემი მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებში დრო-ჟამის შემპარავმა ხელმა რა შეუმჩნევლად გადააქცია ახალგაზრდა და ჯან-ღონით აღსავსე ცოლ-ქმარი ხნიერ, ცხოვრებისაგან უკვე დაღლილ ადამიანებად.

    იონათან ლევერკიუნი წმინდა წყლის გერმანელი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, ტიპი, რომელიც ჩვენს ქალაქებში თითქმის აღარ გვხვდება, ხოლო იმათ შორის ხომ სულ ვერ იპოვით, ვინც დღეს ჩვენი ხალხის სახელით სავალალოდ ბობოქრობს მთელი მსოფლიოს წინაშე, - მისი სახე გარდასულ დროთა წიაღში ჩანდა გამოჭედილი, სოფლად თითქოსდა საგანგებოდ შემონახული და ოცდაათწლიანი ომის წინა გერმანული სინამდვილიდან ჩვენამდე მოღწეული. ამას ვფიქრობდი ხოლმე, როდესაც ჯერაც მოზარდის, მაგრამ უკვე ასე თუ ისე დაკვირვების უნარის მქონე თვალით ვუჭვრეტდი. ოდნავ გაწეწილი ჩალისფერი თმა თაღივით მოყვანილ, მკვეთრად შუაზე გაყოფილ და საფეთქლებთან ძარღვებდაქსელილ შუბლზე ჩამოშლოდა, უკან კი, ხშირი და არცთუ მოდურად მოშვებული, ლამის მხრებამდე სწვდებოდა, ხოლო ლამაზად მოყვანილ პატარა ყურებთან უფრო ღია ფერის ქერა ხუჭუჭა წვერთან იყო შეზრდილი, ყბებსა და ნიკაპს რომ უფარავდა და ქვედა ტუჩამდე ატანდა. ეს ტუჩი საკმაოდ ძლიერად და მრგვალად წინ წამოსწეოდა მოკლე, ოდნავ დაფანჩულ ულვაშებთან შედარებით და ზედ ღიმილი დასთამაშებდა, რომელიც საუცხოოდ ერწყმოდა ცოტათი დაძაბულ, ღრმა, მაგრამ ასევე ნახევრად მოღიმარ ცისფერი თვალების მორიდებულ გამოხედვას. ცხვირი თხელი და კოხტად ჩამოქნილი ჰქონდა. წვერით დაუფარავი ლოყის ნაწილები ცოტათი გამხდარს აჩენდა ღაწვებს ქვემოთ: თითქოს ჩრდილი ადგასო, ისე ჩაღრმავებოდა, ძარღვიან ყელს მეტწილად არაფერი არ უფარავდა, საყოველთაოდ მიღებული ქალაქური ტანსაცმელი არ უყვარდა და არც უხდებოდა, - განსაკუთრებით მის ხელებს, მის ღონიერ, მზენასვამ, მშრალსა და ოდნავ ჭორფლიან ხელს, რომლითაც ხელჯოხის მოკაუჭებული თავი ეჭირა ხოლმე, როდესაც სოფლისკენ გასწევდა თემმშარაზე.

    ექიმის დაკვირვებული თვალი მას ოდნავ დაბინდული გამოხედვისა და გამჭვირვალე საფეთქლების გამო შაკიკისაკენ მიდრეკილებას მიაწერდა, რაც იონათანს მართლაც სჭირდა, ოღონდ ზომიერად, თვეში ერთხელ თუ მოეძალებოდა, ისიც ერთი დღით და მუშაობაში თითქმის ხელს არ უშლიდა. ჩიბუხი უყვარდა, თავსახურიან, არცთუ გრძელ ფაიფურის ჩიბუხს ეწეოდა, რომლის თავისებური მძაფრი სუნი, ბევრად უფრო სასიამოვნო, ვიდრე სიგარის ან სიგარეტის დაგუბებული კვამლია, ქვედა ოთახებში ყველგან იგრძნობოდა. უყვარდა აგრეთვე ვახშმობისას ძილის წამლად ერთი კათხა მერზებურგული ლუდის გამოცლაც. ზამთრის საღამოებში, როცა გარეთ მისი სარჩო-საბადებელი თოვლის ქვეშ გაირინდებოდა, ხშირად კითხვით გართულს ხედავდნენ. მემკვიდრეობით მიღებულ სქელტანიან ბიბლიას კითხულობდა მეტწილად, რომელიც ტვიფრულ ღორის ტყავის ყდაში იყო ჩასმული, ტყავისავე ბალთებით იკვრებოდა და 1700 წელს ბრაუნშვაიგში იყო დაბეჭდილი ჰერცოგის ნებართვით. წიგნი შეიცავდა არა მხოლოდ დოქტორ მარტინ ლუთერის „მახვილგონიერ" წინათქმებსა და მინდვრებზე დართულ შენიშვნებს, არამედ ათასნაირ დამრიგებლურ დასკვნებსა, Locos parallelos[5] და ყოველი თავის ისტორიულ-ზნეობრივ განმარტებებს, ლექსად შეთხზულთ ვინმე ბატონ ფონ შვაინიცის მიერ. ლევერკიუნების ოჯახში ამ ბიბლიაზე თქმულება იყო შემონახული ან, უფრო ზუსტად, გარკვეული გადმოცემა, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და რომლის მიხედვით წიგნი ოდესღაც იმ პრინცესა ფონ ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელს ეკუთვნოდა, პეტრე დიდის ვაჟს რომ მისთხოვდა. შემდეგ პრინცესამ თავი მოიმკვდარუნა, ასე განსაჯეთ, მისი დაკრძალვაც კი შედგა, თავად კი კუნძულ მარტინიკაზე გაიპარა და იქ ვიღაც ფრანგს გაჰყვა ცოლადო. ადრიანი კომიკურ ამბებს ხარბად ეტანებოდა და შემდგომ ხშირად უცინია ჩემთან ერთად ამ თქმულების თაობაზე, რომელსაც მამამისი ჰყვებოდა ხოლმე: თავს აიღებდა წიგნიდან, უძირო თვალების სათუთი მზერით მოგვაჩერდებოდა და ისე. აშკარად ეტყობოდა, რომ წმინდა წიგნის, ცოტა არ იყოს, სკანდალური ბედ-იღბალი არ ეუხერხულებოდა და დაამთავრებდა თუ არა თხრობას, ისევ მიუბრუნდებოდა ბატონ ფონ შვაინიცის გალექსილ კომენტარებს ანდა „სოლომონ ბრძენის მიერ ქვეყნის მესვეურთა დარიგებას".

    სასულიერო წიგნების პარალელურად ადრიანის მამა სხვა ლიტერატურასაც კითხულობდა და მისი საკითხავი მასალის ეს მეორე კომპონენტი ისეთი გახლდათ, რომ გარკვეულ ეპოქაში ალბათ იტყოდნენ: „სტიქიონთა განსჯა" სურსო, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, აგრეთვე ფიზიკისა და ქიმიის საკითხებს ჩაჰკირკიტებდა, რასაკვირველია, მცირე მასშტაბით და მცირედივე საშუალებებით. ამაში მამაჩემი უმართავდა ხელს: დროდადრო საჭირო მასალით ამარაგებდა თავისი ლაბორატორიიდან. მე კი მისი მეცადინეობის აღსანიშნავად გარდასულ დროთა ეს არცთუ უწყინარი გამოთქმა იმიტომ ავირჩიე, რომ ამ საქმიანობის მისტიკური შეფერილობისათვის გამესვა ხაზი, რისთვისაც უწინ შეიძლებოდა ჯადოქრობა დაებრალებინათ. ისე კი, მინდა დავსძინო, რომ რელიგიურ-სპირიტუალისტური ეპოქის ეს უნდობლობა ბუნების საიდუმლოებათა ამოხსნით მზარდი გატაცების მიმართ ჩემთვის მუდამ სავსებით გასაგები იყო. ღვთისმოშიშობას ამაში აკრძალულთან გამხრწნელი გაშინაურება უნდა დაენახა, თუ აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ამის შედეგად ღვთის ქმნილება - ბუნება და ცხოვრება - ზნეობრივად საჭოჭმანო სარბიელად იქცეოდა. თავად ბუნებაში ისე ჭარბად გვხვდება თვალთმაქცური წარმონაქმნები, ორჭოფული ხუშტურები, ნახევარად შენიღბული, უცნობი რეგიონებისაკენ უცნაურად მიმთითებელი ფაქტორები, რომ მისი კვლევა თვინიერ, თავისი თავის ნებაყოფლობით შემზღუდავ სათნოებას არ შეიძლება კადნიერ წრეგადასულობად არ მოეჩვენოს.

    როდესაც ადრიანის მამა საღამოობით თავის ფერად-ფერად ნახატებით შემკულ წიგნებს გადაშლიდა, რომლებიც ეგზოტიკურ პეპლებსა და ზღვის ცხოველებს აღწერდნენ, ჩვენ, ესე იგი მისი ვაჟიშვილები და მე, ხოლო ზოგჯერ ფრაუ ლევერკიუნიც, მისი სავარძლის ტყავგადაკრული, ყურებიანი საზურგის უკან ვიდექით და შიგ ისე ვიხედებოდით, ხოლო თვითონ კი სალოკი თითით გვიჩვენებდა წიგნში გამოსახულ საკვირველებებს: პალიტრის ყველა ფერით მოციგლიგე, მრუმე და ნათელფენილ, უნატიფესი გემოვნებითა და ხელოვნებით მოჩითულ-მოყვანილ ტროპიკულ პეპლებსა და სხვა მწერებს, - ფანტასტიკურად გადაჭარბებული მშვენიერების ალამდარებს, ეფემერულად ხანმოკლე სიცოცხლე რომ მომადლებიათ.

    ზოგიერთ მათგანს ადგილობრივი მკვიდრნი ავ სულებად მიიჩნევენ, ციების გამავრცელებელ ბატონებად. უშესანიშნავესი ფერი, რომელიც კი მათ ამკობს, წარმტაცი, საოცნებო ლაჟვარდისფერი, - გვასწავლიდა იონათანი, - სულაც არ არის ნამდვილი, ცინცხალი ფერი, არამედ მას პაწაწკინტელა ღარები და შემაღლებები წარმოქმნიან, ფრთების ქერცლიან საფარზე რომა აქვთ, - მიკროსტრუქტურა, რომელიც სინათლის სხივებს მარჯვედ გარდატეხს, მათ უმეტესობას შთანთქავს და ზრუნავს იმისათვის, რომ ჩვენმა თვალმა მარტოოდენ გაცისკროვნებული სილურჯე აღიქვას.

    - ერთი უყურეთ, - ახლაც ჩამესმის ყურში ფრაუ ლევერკიუნის ნათქვამი, - მაშ, ილუზია ყოფილა?

    - შენ ცის სილაჟვარდესაც ილუზიას დაარქმევ, - შეესიტყვა ქმარი და თან ზურგს უკან გამოხედა, - რადგან მის წარმომქმნელ საღებავ მასალასაც ვერ დამისახელებ.

    მართლაც, როდესაც ამას ვწერ, ასე მგონია, ისევ ფრაუ ელსბეთსა, გეორგსა და ადრიანთან ერთად ვდგავარ ოჯახის მამის სავარძელს უკან და მის თითს თვალს ვაყოლებ. წიგნში მინისფრთიანი პეპლებია გამოსახული, რომელთაც ქერცლი არ გააჩნიათ ფრთებზე, ამიტომ სიფრიფანა მინისაგან დამზადებულთ მიუგავთ და მხოლოდ ოდნავ უფრო მუქი ძარღვებითა აქვთ დაქსელილი. ერთ ასე გაშიშვლებულ-გამჭვირვალე პეპელათაგანს, მწუხრის ჟამს ხეთა ჩეროში ფარფატის მოყვარულს, Hetaera esmeralda ეწოდება. მარტოოდენ ერთი მუქი, ფერადოვანი, მოიისფრო-მოვარდისფრო ლაქა ატყვია ჰეტერას ფრთებზე, რომელიც ფრენისას ქარის მიერ ატაცებულ ყვავილის ფურცელს ამსგავსებს, ვინაიდან სხვა არა ნაწილი მისი არა ჩანს. შემდეგ იქ იყო კიდევ ფოთლისებური პეპელა, რომლის ფრთები ზევიდან შეხმატკბილებულ ფერთა სამებით ბრწყინავდნენ, ქვევიდან კი განსაცვიფრებელი სიზუსტით იმეორებდნენ ფოთოლს. არა მხოლოდ მოყვანილობითა და ძარღვების ქსელით ჰგავდნენ მას, არამედ აგრეთვე წვრილმანი დაუხვეწაობითაც, თითქოს ნამის წვეთები ეპკურა ზედ, სოკოს დაავადებისაგან მეჭეჭები ასხდა თითქოს და სხვა მისთანანი. როგორც კი ეს გაქექილი არსება ზევით აკეცილი ფრთებით ფოთლების ტევრში ჩამოჯდება, მაშინვე თვალთახედვიდან ქრება, ისე ზედმიწევნით ერწყმის გარემოს, რომ თვით ყველაზე გაფაციცებული მტერიც ვეღარ გაარჩევს.

    იონათანი არცთუ წარუმატებლად ცდილობდა გადმოედო ჩვენთვის თავისი აღფრთოვანება ესოდენ რაფინირებული მიმიკრიით, რომელიც ყველაფერს იმეორებდა, თვით ცალკეულ ხარვეზებსაც კი. „როგორ შეიძლო ეს პირუტყვმა? - კითხულობდა ის. - როგორ აღწევს ამას ბუნება ცხოველის მეშვეობით? ვინაიდან, აბა, როგორ გინდათ დაუშვათ, რომ ამ არსებამ თვითდაკვირვებისა და წინასწარი გაანგარიშების შედეგად შეიმუშავა ასეთი ფანდი? დიახ, დიახ, ბუნება ზედმიწევნით იცნობს თავის ფოთოლს, არა მხოლოდ მის იდეალურ სრულყოფილებას, არამედ კონკრეტულ გამოვლინებასაც, მის ყოველდღიურ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებსაც, და კვიმატი კეთილგანწყობილებით იმეორებს მის შესახედაობას სულ სხვა სფეროში ამ თავისი პეპლის ფრთათა ქვედა მხარეს, რათა სხვანი, თავისივე ქმნილებანი გააცრუოს. მაგრამ რაღა მაინცდამაინც ამ ჯიშსა აქვს ეს ეშმაკური უპირატესობა? და თუ მისთვის მართლაც მიზანშეწონილია, რომ უძრაობისას ფოთლისაგან არ განირჩეოდეს, მაშინ რაღა მიზანშეწონილებაა ეს, თუ მას ამ პეპელაზე მონადირეთა მხრიდან შევხედავთ - მშიერი ხვლიკების, ჩიტებისა და ობობების მხრიდან, რომელთა საზრდოს შეადგენს და რომელთა მახვილი მზერისათვის მაშინვე მიუწვდომელი ხდება, როგორც კი მოისურვებს? ამას გეკითხებით, რათა თქვენ თვითონ იგივე არ შემეკითხოთ".

    თუ ამ პეპელას თავის დასაცავად გაუჩინარება შეუძლია, საკმარისია ადრიანის მამისეული წიგნის კიდევ რამდენიმე ფურცელი გადაშალოთ და ახლა ისეთებს გაეცნობით, რომლებიც ამავე მიზანს გადაჭარბებული, ლამის მომაბეზრებელი თვალსაჩინოებით აღწევენ, შორიდანვე თვალში გხვდებიან, რადგან არა მხოლოდ სიდიდით გამოირჩევიან, არამედ არაჩვეულებრივად მდიდრულად მოხატულ-მოჩითულნი არიან, და როგორც ადრიანის მამა გვიხსნიდა, ასე თვალში საცემად და გამომწვევად მორთულ-მოკაზმულნი, ისინი დემონსტრაციულად ნელა დაფრინავენ. მაგრამ ამ აუჩქარებლობას ვერავინ უწოდებს კადნიერს, მას უფრო სიმძიმილის ნატამალი სცხია, და თუმცა არავის არ ემალებიან, მაინც არც ერთი სულდგმული, არც მაიმუნი, არც ფრინველი, არც კიდევ ხვლიკი ზედაც არ უყურებს მათ. რატომ? იმიტომ, რომ ამაზრზენნი არიან და სწორედ თავიანთი თვალშისაცემი სილამაზითა და ზანტი ფრენით ყველას აგებინებენ ამ ამბავს. მათ წვენს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1