Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)
Ebook1,069 pages5 hours

წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 4, 2021
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)

Read more from იმანეულ კანტი

Related to წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)

Related ebooks

Reviews for წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II) - იმანეულ კანტი

    სარჩევი

    ტრანსცენდენტალური დიალექტიკა

    შესავალი

    I. ტრანსცენდენტალური მოჩვენების შესახებ

    II. წმინდა გონების როგორც ტრანსცენდენტალური მოჩვენების ადგილსამყოფელის შესახებ

    A. გონების შესახებ საერთოდ

    B. გონების ლოგიკური გამოყენების შესახებ 

    C. გონების წმინდა გამოყენების შესახებ

    პირველი წიგნი. წმინდა გონების ცნებათა შესახებ

    პირველი განყოფილება. იდეებზე საერთოდ

    მეორე განყოფილება. ტრანსცენდენტალური იდეების შესახებ

    მესამე განყოფილება. ტრანსცენდენტალური იდეების სისტემა

    მეორე წიგნი. წმინდა გონების დიალექტიკური დასკვნების შესახებ

    პირველი თავი. წმინდა გონების პარალოგიზმების შესახებ

    სულის მუდმივობის მენდელსონისეული მტკიცების უკუგდება 

    ფსიქოლოგიური პარალოგიზმის გარჩევის დასასრული

    ზოგადი შენიშვნა რაციონალური ფსიქოლოგიიდან კოსმოლოგიაზე გადასვლის შესახებ

    პირველი, სუბსტანციალობის პარალოგიზმი (პირველი გამოცემის მიხედვით)

    მეორე, სიმარტივის პარალოგიზმი

    მესამე, პერსონალობის პარალოგიზმი

    მეოთხე, იდეალობის პარალოგიზმი

    მეორე თავი. წმინდა გონების ანტინომია

    პირველი განყოფილება. კოსმოლოგიური იდეების სისტემა 

    მეორე განყოფილება. წმინდა გონების ანტითეტიკა

    პირველი ანტინომია 

    მეორე ანტინომია 

    მესამე ანტინომია 

    მეოთხე ანტინომია

    მესამე განყოფილება. გონების ინტერესის შესახებ მის ამ წინააღმდეგობაში

    მეოთხე განყოფილება. წმინდა გონების ტრანსცენდენტალური ამოცანების შესახებ, რამდენადაც მათი გადაწყვეტა უთუოდ უნდა შეიძლებოდეს

    მეხუთე განყოფილება. კოსმოლოგიურ საკითხთა სკეპტიკური წარმოდგენა ოთხივე ტრანსცენდენტალური იდეის საშუალებით

    მეექვსე განყოფილება. ტრანსცენდენტალური იდეალიზმი როგორც გასაღები კოსმოლოგიური დიალექტიკის გადასაწყვეტად

    მეშვიდე განყოფილება. თავის თავთან გონების კოსმოლოგიური დავის კრიტიკული გადაწყვეტა

    მერვე განყოფილება. წმინდა გონების რეგულატური პრინციპი კოსმოლოგიური იდეების მიმართ

    მეცხრე განყოფილება. ყველა კოსმოლოგიური იდეის მიმართ გონების რეგულატური პრინციპის ემპირიული გამოყენების შესახებ

    I. კოსმოლოგიური იდეის გადაწყვეტა სამყაროს მთელში მოვლენათა შეკრების ტოტალობის შესახებ

    II. კოსმოლოგიური იდეის გადაწყვეტა მჭვრეტელობაში მოცემული მთელის დაყოფის ტოტალობის შესახებ 

    დასკვნითი შენიშვნა

    III. კოსმოლოგიური იდეების გადაწყვეტა სამყაროს ხდომილობათა მათი მიზეზებიდან გამოყვანის ტოტალობის შესახებ

    მიზეზობრიობის შესაძლებლობა თავისუფლების გზით ბუნებრივი აუცილებლობის საყოველთაო კანონთან შეერთებაში

    განმარტება თავისუფლების კოსმოლოგიური იდეისა საყოველთაო  ბუნებრივ აუცილებლობასთან დაკავშირებით

    IV. კოსმოლოგიური იდეის გადაწყვეტა მოვლენათა დამოკიდებულების ტოტალობის შესახებ მათი არსებობის მიხედვით საერთოდ 

    დასკვნითი შენიშვნა წმინდა გონების მთელი ანტინომიის მიმართ

    მესამე თავი. წმინდა გონების იდეალი

    პირველი განყოფილება. იდეალის შესახებ საერთოდ

    მეორე განყოფილება. ტრანსცენდენტალური იდეალის შესახებ

    მესამე განყოფილება. უმაღლესი არსების არსებობის დასასაბუთებლად სპეკულატური გონების საფუძვლების შესახებ

    მეოთხე განყოფილება. ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთების შეუძლებლობის შესახებ

    მეხუთე განყოფილება. ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური დასაბუთების შეუძლებლობის შესახებ

    დიალექტიკური მოჩვენების აღმოჩენა და ახსნა აუცილებელი არსების არსებობის ყველა ტრანსცენდენტალურ დასაბუთებაში

    მეექვსე განყოფილება. ფიზიკურ-თეოლოგიური დასაბუთების შეუძლებლობის შესახებ

    მეშვიდე განყოფილება. გონების სპეკულატურ პრინციპებზე დამყარებული ყოველგვარი თეოლოგიის კრიტიკა

    ტრანსცენდენტალური დიალექტიკის დანართი 

    წმინდა გონების იდეათა რეგულატური გამოყენების შესახებ

    ადამიანის გონების ბუნებრივი დიალექტიკის საბოლოო მიზნის შესახებ

    II. ტრანსცენდენტალური მოძღვრება მეთოდის შესახებ 

    პირველი თავი. წმინდა გონების დისციპლინა

    პირველი განყოფილება. წმინდა გონების დისციპლინა დოგმატურ გამოყენებაში

    მეორე განყოფილება. წმინდა გონების დისციპლინა მისი პოლემიკური გამოყენების მიხედვით

    თავის თავში გაორებული წმინდა გონების სკეპტიკური დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ

    მესამე განყოფილება. წმინდა გონების დისციპლინა ჰიპოთეზების მიმართ

    მეოთხე განყოფილება. წმინდა გონების დისციპლინა მის დასაბუთებათა თვალსაზრისით 

    მეორე თავი. წმინდა გონების კანონი

    პირველი განყოფილება. ჩვენი გონების წმინდა გამოყენების საბოლოო მიზნის შესახებ 

    მეორე განყოფილება. უმაღლესი სიკეთის როგორც წმინდა გონების საბოლოო მიზნის განსაზღვრის საფუძვლის შესახებ 

    მესამე განყოფილება. მოსაზრების, ცოდნისა და რწმენის შესახებ

    მესამე თავი. წმინდა გონების არქიტექტონიკა 

    მეოთხე თავი. წმინდა გონების ისტორია

    შენიშვნები

    ტრანსცენდენტალური ლოგიკის მეორე განყოფილება

    ტრანსცენდენტალური დიალექტიკა

    შესავალი

    I. ტრანსცენდენტალური მოჩვენების შესახებ

    ზემოთ დიალექტიკას საერთოდ მოჩვენების ლოგიკა ვუწოდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ალბათობის მოძღვრებაა; რადგან ეს უკანასკნელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ არასაკმარისი საფუძვლებით შეცნობილი, რომლის შემეცნება, მაშასადამე, მართალია, ნაკლოვანია, მაგრამ ამის გამო მაცთუნებელი და მატყუარა როდია, ამიტომაც ის არ შეიძლება მოვწყვიტოთ ლოგიკის ანალიტიკურ ნაწილს. კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი არსებობს იმისა, რომ მოვლენა და მოჩვენება იგივურად მივიჩნიოთ. რადგან ჭეშმარიტება ან მოჩვენება საგანში როდია, რამდენადაც იგი განიჭვრიტება, არამედ იგი საგნის შესახებ მსჯელობაშია, რამდენადაც ის გაიაზრება. ამრიგად, თუმცა სრულიად სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ გრძნობები არ ცდებიან, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ისინი ყოველთვის სწორად სჯიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი საერთოდ არ მსჯელობენ. ამიტომ ჭეშმარიტებაც და შეცდომაც, მაშასადამე, მოჩვენებაც, ისე როგორც ცთუნება, გვხვდება მხოლოდ მსჯელობაში, ე. ი. ჩვენი განსჯისადმი საგნის მიმართებაში მხოლოდ. განსჯის კანონებთან სავსებით შეთანხმებულ ცოდნაში არავითარი შეცდომა არ არსებობს. გრძნობათა წარმოდგენაშიც არ არის არავითარი შეცდომა (რადგან იგი არ შეიცავს არავითარ მსჯელობას). ბუნების არავითარ ძალას არ ძალუძს საკუთარ კანონებს თვითონ გადაუხვიოს. ამიტომ ვერც მარტო განსჯა თავისთავად (სხვა მიზეზის ზეგავლენის გარეშე), ვერც გრძნობები თავისთავად ვერ შეცდებოდა; განსჯა იმიტომ ვერ შეცდება, რომ თუ ის მხოლოდ თავისი კანონების თანახმად მოქმედებს, მაშინ მოქმედება (მსჯელობა) ამ კანონებს აუცილებლად უნდა ეთანხმებოდეს. მაგრამ განსჯის კანონებთან თანხმობაშია ყოველგვარი ჭეშმარიტების ფორმალური მხარე. გრძნობებში არ არის არავითარი მსჯელობა, არც ჭეშმარიტი და არც მცდარი. რადგან შემეცნების ამ ორი წყაროს გარდა, ჩვენ სხვა წყარო არ გაგვაჩნია, აქედან ის გამოდის, რომ შეცდომა წარმოდგება განსჯაზე მგრძნობელობის მხოლოდ შეუმჩნეველი ზეგავლენისაგან, რის გამოც მსჯელობის სუბიექტური საფუძვლები უერთდებიან ობიექტურს და მათი დანიშნულებისაგან გადაახვევინებენ[1], ისე როგორც მოძრავი სხეული მუდამ განაგრძობდა მოძრაობას სწორი ხაზით ერთი და იმავე მიმართულებით, მაგრამ თუ მასზე იმავე დროს სხვა ძალა იმოქმედებს სხვა მიმართულებით, მაშინ იგი მრუდი ხაზით იწყებს მოძრაობას. ამიტომ, იმისათვის, რომ განსჯის საკუთარი მოქმედება განვასხვაოთ იმ ძალისაგან, მას რომ შეერევა, საჭიროა განვიხილოთ მცდარი მსჯელობა როგორც დიაგონალი ორ ძალას შორის, რომლებიც მსჯელობას ორი სხვადასხვა მიმართულებით განსაზღვრავენ, თითქოს კუთხეს ქმნიან, და ის რთული მოქმედება უნდა დაიშალოს განსჯისა და მგრძნობელობის მარტივ მოქმედებებად; წმინდა a priori მსჯელობებში ეს დაშლა უნდა მოხდეს ტრანსცენდენტალური განაზრებით, რომლის საშუალებითაც (როგორც უკვე აღნიშნული იყო) ყოველ წარმოდგენას მიჩენილი აქვს თავისი ადგილი მის შესაბამის შემეცნებით უნარში, მაშასადმე, ამით გაირჩევა კიდევაც შემეცნებითი უნარის ზეგავლენა წარმოდგენაზე.

    ჩვენი საქმე როდია აქ ემპირიული (მაგ., ოპტიკური) მოჩვენება განვიხილოთ, რაც მჟღავნდება ხოლმე სხვა მხრივ სწორი განსჯითი წესების ემპირიული ხმარების დროს, და რასაც წარმოსახვის გავლენით მსჯელობის უნარი შეცდომამდე მიჰყავს, არამედ ჩვენ აქ საქმე გვაქვს მხოლოდ ტრანსცენდენალურ მოჩვენებასთან, ზეგავლენას რომ ახდენს იმ ძირითად დებულებებზე, რომელთა გამოყენება გამოცდილებაზე სრულიად არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში გამოცდილების სახით მათი სისწორის სასინჯი ქვა მაინც გვექნებოდა ხელთ. კრიტიკის მხრივ ყოველგვარი გაფრთხილების მიუხედავად ტრანსცენდენტალურ მოჩვენებას კატეგორიების ემპირიული გამოყენების ფარგლებს მიღმა გავყავართ და წმინდა განსჯის გაფართოების ილუზიებით შეგიყოლიებს. იმ ძირითად დებულებებს, რომელთა გამოყენება მთლიანად შესაძლო გამოცდილების ფარგლებში რჩება, ჩვენ გვინდა იმანენტური ვუწოდოთ, ხოლო იმ ძირითად დებულებებს, ამ საზღვრებს რომ უნდა გასცდნენ, ტრანსცენდენტურ ძირითად დებულებებს ვუწოდებთ. მაგრამ ამ ტერმინში მე მესმის არა კატეგორიების ტრანსცენდენტალური გამოყენება ანუ ბოროტად გამოყენება, რაც კრიტიკის მიერ სათანადოდ აულაგმავი მსჯელობის უნარის უბრალო შეცდომაა და ამიტომ ყურადღებას არ აქცევს იმ სფეროს საზღვრებს, სადაც მხოლოდ ნება ეძლევა წმინდა განსჯას გაშალოს თავისი მოქმედება, არამედ ტრანსცენდენტურს ვუწოდებ ნამდვილ ძირითად საფუძვლებს, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ ყველა სასაზღვრო მიჯნა მოვშალოთ და მივითვისოთ სრულიად ახალი ნიადაგი, რაც საერთოდ არავითარ დემარკაციას არ ცნობს. ამიტომ ტრანსცენდენტალური და ტრანსცენდენტური ერთი და იგივე არ არის. წმინდა განსჯის ზემოთ მოყვანილ ძირითად დებულებებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ემპირიული და არა ტრანსცენდენტალური, ე. ი. გამოცდილების საზღვრების გადამლახავი გამოყენება. მაგრამ ძირითად დებულებას, რომელიც ამ ზღუდეებს მოხსნის და გვიბრძანებს კიდევაც მათ გადალახვას, ტრანსცენდენტური ეწოდება. თუ ჩვენი კრიტიკა მოახერხებს და გამოააშკარავებს ამ პრეტენციოზული ძირითადი დებულებების მოჩვენებას, მაშინ უკანასკნელთა საპირისპიროდ წმინდა ემპირიული გამოყენების ზემოაღნიშნულ ძირითად დებულებებს შეიძლება ვუწოდოთ წმინდა განსჯის იმანენტური ძირითადი დებულებები.

    ლოგიკური მოჩვენება, რაც გონების ფორმების უბრალო მიბაძვაში მდგომარეობს (მცდარი დასკვნების მოჩვენება), წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური წესებისადმი უგულისყურო დამოკიდებულების გამო. ამიტომ როგორც კი გავამახვილებთ ყურადღებას მოცემულ შემთხვევაზე, ეს მოჩვენება სრულიად ქრება. ტრანსცენდენტალური მოჩვენება კი, პირიქით, არ მოიხსნება მაშინაც, როცა ტრანსცენდენტალური კრიტიკით იგი აღმოვაჩინეთ და ნათლად განვჭვრიტეთ მისი არარაობა (მაგალითად, მოჩვენება მსჯელობაში: სამყაროს უნდა ჰქონდეს დასაწყისი დროში). ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი გონება (სუბიექტურად განხილული როგორც ადამიანის შემეცნებითი უნარი) შეიცავს თავისი გამოყენების ძირითად წესებსა და მაქსიმებს, რომელთაც მთლიანად ობიექტური ძირითადი დებულებების შესახედაობა აქვთ, ამიტომ ხდება, რომ ჩვენი ცნებების გარკვეული დაკავშირების სუბიექტური აუცილებლობა განსჯის სასარგებლოდ მიიჩნევა თავისთავად ნივთთა განსაზღვრის ობიექტურ აუცილებლობად. ეს ისეთი ილუზიაა, რომელსაც თავიდან ვერ აიცილებთ, ისევე როგორც შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ ის, რომ ზღვა შუაში უფრო მაღალი არ გვეჩვენებოდეს, ვიდრე ნაპირთან, იმიტომ რომ მას (შუაში) სინათლეს უფრო მაღალი სხივების საშუალებით ვუცქერით, ვიდრე ნაპირს, ანდა კიდევ უფრო მეტი, ასევე ასტრონომს არ შეუძლია ხელი შეუშალოს იმას, რომ ამოსვლის ჟამს მთვარე უფრო დიდად არ ეჩვენებოდეს, თუმცა ის ამ მოჩვენებით როდი ტყუვდება.

    ამრიგად, ტრანსცენდენტალური დიალექტიკა იმით კმაყოფილდება, რომ გამოამჟღავნებს ტრანსცენდენტალურ მსჯელობათა მოჩვენებას, და ამავე დროს გვიცავს, რომ მან არ მოგვატყუოს. მაგრამ ის ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმას, რომ ეს მოჩვენება (როგორც ლოგიკური მოჩვენება) სრულიად მოისპოს და აღარ იყოს მოჩვენება. რადგან აქ საქმე გვაქვს ბუნებრივ და გარდაუვალ ილუზიასთან, რაც თავად სუბიექტურ ძირითად დებულებებს ემყარება და ობიექტურად აცხადებს მათ, ამის მაგიერ, ლოგიკურ დიალექტიკას მცდარ დასკვნათა მოსპობისას საქმე აქვს შეცდომასთან, როდესაც ვხელმძღვანელობთ ძირითადი დებულებებით, ან ხელოვნურ მოჩვენებასთან, როცა ვბაძავთ მათ. ამრიგად, არსებობს წმინდა გონების ბუნებრივი და გარდუვალი დიალექტიკა, არა ისეთი, რომელშიც უბირი კაცი ცოდნის უქონლობის გამო თვითონვე გაიხლართება, ანდა რომელიც ვინმე სოფისტს ხელოვნურად მოუგონია, რათა გონიერი ადამიანები დააბნიოს, არამედ ისეთი, რომელიც ადამიანის გონებას მოუცილებლად დაჰყოლია და მას შემდეგაც, რაც მისი ილუზორულობა გამოვამჟღავნეთ, არ შეწყვეტს მის შეცდენას, და მუდმივად უბიძგებს წამიერი დაბნეულობისაკენ, რაც ყოველთვის უნდა მოიხსნას.

    II. წმინდა გონების როგორც ტრანსცენდენტალური მოჩვენების ადგილსამყოფელის შესახებ

    A. გონების შესახებ საერთოდ

    ჩვენი ყოველი შემეცნება გრძნობებით იწყებს, აქედან გადადის განსჯაზე და მთავრდება გონებით, რომლის უმაღლესი ჩვენში არაფერია, რათა მჭვრეტელობის მასალა დაამუშაოს და აზროვნების უმაღლეს ერთიანობაში მოიყვანოს.

    ვინაიდან ახლა შემეცნების ამ უმაღლესი უნარის განმარტება უნდა წარმოვიდგინოთ, ამიტომ ერთგვარად ძნელ ვითარებაში აღმოვჩნდი. როგორც განსჯას, გონებასაც წმინდა ფორმალური, ე. ი. ლოგიკური გამოყენება აქვს, რადგან გონება შემეცნების ყოველგვარ შინაარსს განეყენება, მაგრამ მას აქვს აგრეთვე რეალური გამოყენებაც, ვინაიდან თვით გონება შეიცავს გარკვეულ ცნებათა და ძირითად დებულებათა პირველ სათავეს; ამ ცნებებსა და ძირითად დებულებებს იგი არც გრძნობებიდან და არც განსჯიდან არ დაისესხებს. გონების პირველი უნარი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ახსნილია და განმარტებული ლოგიკოსების მიერ როგორც შუალობითი დასკვნის უნარი (უშუალო დასკვნებისაგან, consequentiis immediatis-საგან განსხვავებით), მაგრამ აქედან ჯერ კიდევ ვერ გაირკვევა გონების მეორე უნარი, რომელიც თავად ქმნის ცნებებს. რადგან აქ გვხვდება გონების დაყოფა ლოგიკურ და ტრანსცენდენტალურ უნარად, ამიტომ უნდა ვეძიოთ უფრო მაღალი ცნება შემეცნების ამ წყაროს შესახებ, რომელიც ორივე ცნებას მოიცავს. მაგრამ განსჯითი ცნებების ანალოგიით შეგვიძლია მოველოდეთ: რომ ლოგიკური ცნება ამავე დროს წარმოადგენს გასაღებს ტრანსცენდენტალური ცნებისათვის და რომ პირველთა ფუნქციების ცხრილი ამასთანავე მოგვცემს გონების ცნებათა გენეალოგიას.

    ჩვენი ტრანსცენდენტალური ლოგიკის პირველ ნაწილში განსჯა განვმარტეთ როგორც წესთა უნარი; აქ გონებას იმით განვასხვავებთ განსჯისაგან, რომ მას გვინდა ვუწოდოთ პრინციპების უნარი.

    გამოთქმა - პრინციპი - ორაზროვანია და ჩვეულებრივ აღნიშნავს მხოლოდ ისეთ ცოდნას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც პრინციპი, თუმცა თავისთავად და თავისი საკუთარი პირველსაწყისის თანახმად იგი პრინციპი არ არის. ყოველი ზოგადი დებულება, თუნდაც ის აღებული იყოს გამოცდილებიდან (ინდუქციის საშუალებით), შეიძლება გამოდგეს დიდ წანამძღვრად გონებით დასკვნაში; მაგრამ ამიტომ ის თავად არ არის პრინციპი. მათემატიკური აქსიომები (მაგალითად, ორ წერტილს შორის შეიძლება მხოლოდ ერთი სწორი ხაზის გავლება) ზოგად აპრიორულ ცოდნას წარმოადგენენ და ამიტომ სამართლიანად პრინციპები ეწოდებათ იმ შემთხვევათა მიმართ, რომელნიც შეიძლება მათ დაუქვემდებარდეს. მაგრამ ამიტომ ჯერ კიდევ არ შემიძლია ვთქვა, რომ სწორ ხაზთა ამ თვისებას, საზოგადოდ და თავისთავად, პრინციპებიდან შევიმეცნებ, არამედ მხოლოდ წმინდა მჭვრეტელობაში.

    ამიტომ პრინციპებით შემეცნებას ვუწოდებდი ისეთ შემეცნებას, სადაც განსაკუთრებულს შევიცნობ ზოგადში ცნების საშუალებით. ამრიგად, ყოველი გონებითი დასკვნა არის ერთი პრინციპიდან ცოდნის გამოყვანის ფორმა, ვინაიდან დიდი წანამძღვარი მუდამ გვაძლევს ცნებას, რომლის საშუალებით ერთი პრინციპის თანახმად შეიმეცნება ყველაფერი, რაც კი მის პირობას დაექვემდებარება. რადგან ყოველგვარი ზოგადი ცოდნა შეიძლება გამოდგეს დიდ წანამძღვრად გონებით დასკვნაში, და რადგან განსჯა ამგვარ ზოგად დებულებებს a priori გვთავაზობს, ამდენად მათ მათი შესაძლო გამოყენების თვალსაზრისით შეიძლება პრინციპებიც ეწოდოს.

    მაგრამ თუ წმინდა განსჯის ამ ძირითად დებულებებს განვიხილავთ თავისთავად მათი თავდაპირველი წარმოშობის მიხედვით, მაშინ ისინი სულაც არ წარმოადგენენ შემეცნებას ცნებებიდან. მართლაცდა, ისინი ვერც კი იქნებოდნენ a priori შესაძლებელი, თუ არ მოვიშველიებდით წმინდა მჭვრეტელობას - (მათემატიკაში), ანდა შესაძლო გამოცდილების პირობებს საზოგადოდ. ყველაფერს, რაც ხდება, რაღაც მიზეზი რომ აქვს, სულაც არ შეიძლება დავასკვნათ იმის ცნებიდან, რაც საერთოდ ხდება; პირიქით, ძირითადი დებულება გვიჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება უპირველესად მივიღოთ განსაზღვრული გამოცდილებისეული ცნება იმის შესახებ, რაც ხდება.

    ამრიგად, განსჯას სულ არ შეუძლია შექმნას სინთეზური ცოდნა ცნებებიდან, და მე კი სწორედ ასეთ ცოდნას ვუწოდებ პრინციპებს აბსოლუტური მნიშვნელობით, მაშინ, როდესაც ყველა ზოგად დებულებას საერთოდ შეიძლება შედარებითი პრინციპები დაერქვას.

    ძველთაძველი სურვილია, რომელიც, ვინ იცის, როდის, მაგრამ ერთხელაც შეიძლება განხორციელდეს: სამოქალაქო კანონების უსასრულო მრავალფე როვნების ნაცვლად გამოიძებნოს მათი პრინციპები, რადგან სწორედ ამაში შეი ძლება იყოს კანონმდებლობის, როგორც იტყვიან, გამარტივების საიდუმლოე ბა. მაგრამ აქ კანონები ჩვენი თავისუფლების მხოლოდ შეზღუდვანია იმ პირო ბებით, რომელთა ძალითაც ის თავის თავს სავსებით ეთანხმება; მაშასადამე, ისინი ეხებიან იმას, რაც მთლიანად ჩვენი ნაწარმოებია, და რომლის მიზეზიც შეიძლება ჩვენ თვითონ ვიყოთ აღნიშნულ ცნებათა მეოხებით. მაგრამ მოთხოვ ნა იმისა, რომ აიხსნას, როგორ ექვემდებარებიან საგნები თავისთავად, ნივთთა ბუნება პრინციპებს და როგორ უნდა განისაზღვრონ მხოლოდ ცნებებით, წარ მოადგენს შეუძლებელს თუ არა, ისეთ რამეს მაინც, რაც ეწინააღმდეგება ყოველგვარ აზრს. როგორიც არ უნდა იყოს აქ საქმის ვითარება (ამ საკითხის გამოკვლევა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვიდევს), აქედან ერთი რამ მაინც ცხადია: შემეცნება პრინციპებიდან (თავისთავად) სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე წმინდა განსჯის შემეცნება, რომელიც, მართალია, შეიძლება წინ უსწრებდეს კიდევაც სხვა ცოდნას პრინციპის სახით, მაგრამ თავისთავად (რამდენადაც ის სინთეზურია) მარტო აზროვნებას არ ემყარება, არც შეიცავს თავის თავში ზოგადს ცნებების თანახმად.

    თუ განსჯა არის მოვლენათა ერთიანობის შექმნის უნარი წესების საშუალებით, გონება არის განსჯის წესების ერთიანობის უნარი პრინციპების მიხედვით. მაშასადამე, გონება არასოდეს არ არის მიმართული პირდაპირ გამოცდილებაზე ან რომელიმე საგანზე, არამედ განსჯაზე, რათა მის მრავალფეროვან ცოდნას ცნებათა საშუალებით მიანიჭოს ერთიანობა a priori, რასაც გონების ერთიანობა შეიძლება ვუწოდოთ და რაც სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ის ერთიანობა, განსჯის მიერ რომ შეიძლება განხორციელდეს.

    ასეთია ზოგადი ცნება გონების უნარის შესახებ, რამდენადაც შეიძლება აიხსნას იგი ისე, რომ სრულიად არ მივმართოთ მაგალითებს (რომლებიც შემდეგში უნდა იყოს მოცემული).

    B. გონების ლოგიკური გამოყენების შესახებ

    განასხვავებენ იმას, რაც უშუალოდ შეიმეცნება, და იმას, რაც მხოლოდ დასკვნით გამოყავთ. სამი სწორი ხაზით შემოსაზღვრულ ფიგურაში რომ სამი კუთხეა, ეს უშუალოდ შეიმეცნება; მაგრამ ამ კუთხეების ჯამი რომ მართკუთხედს უდრის, მხოლოდ დასკვნით გამოიყვანება. რადგან დასკვნა ნიადაგ გვჭირდება და ამის გამო საბოლოოდ სავსებით ვეჩვევით მას, ამიტომ ამ განსხვავებას ბოლოს ვეღარც კი ვამჩნევთ, და ხშირად გვგონია, როგორც, მაგალითად, გრძნობათა ეგრეთ წოდებული ცთუნების დროს, რომ უშუალოდ არის აღქმული ის, რაც მხოლოდ დასკვნის საშუალებით მიგვიღია. ყოველ დასკვნაში არის დებულება, რომელიც საფუძვლად უდევს, და მეორე დებულება, სახელდობრ, მისგან გამომდინარე შედეგი, და ბოლოს დანასკვი (Consequenz), რომლითაც ამ უკანასკნელის ჭეშმარიტება გარდაუვალად დაკავშირებულია პირველის ჭეშმარიტებასთან. თუ დასკვნით გამოყვანილი მსჯელობა უკვე მოთავსებულია პირველში ისე, რომ მესამე წარმოდგენით გაშუალების გარეშე იქიდან შეიძლება გამოვიყვანოთ, მაშინ დასკვნას უშუალო (Consequentia immediata) ეწოდება; მე მას უფრო განსჯით დასკვნას ვუწოდებდი. მაგრამ თუ საფუძვლად მდებარე ცოდნის გარდა კიდევ სხვა მსჯელობა არის საჭირო იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ, მაშინ ასეთ დასკვნას გონებით დასკვნა ეწოდება. დებულებაში: ყველა ადამიანი მოკვდავია, უკვე მოცემულია დებულებანი: ზოგიერთი ადამიანი მოკვდავია, ან: ზოგიერთი მოკვდავი ადამიანია, ან: არაფერი, რაც უკვდავია, არ არის ადამიანი, და ამიტომ ესენი არიან უშუალოდ პირველიდან გამოყვანილი დანასკვები. პირიქით, დებულება: ყველა მეცნიერი მოკვდავია, არ არის მოცემული საფუძვლადმდებარე მსჯელობაში (რადგან მეცნიერის ცნება მასში სულაც არ გვხვდება) და მისგან შეიძლება გამოყვანილი იქნეს მხოლოდ გამაშუალებელი მსჯელობის საშუალებით.

    ყოველ გონებით დასკვნაში განსჯის საშუალებით უპირველეს ყოვლისა გავიაზრებ წესს (major[2]). შემდეგ, მსჯელობის უნარის საშუალებით ამა თუ იმ ცოდნას ვუქვემდებარებ წესის პირობას (minor[3]). ბოლოს, გო ნების საშუალებით, მაშასადამე, a priori ჩემს ცოდნას განვსაზღვრავ წესის პრედიკატით (conclusio[4]). ამრიგად, ურთიერთობა, რომელსაც დიდი წანამძღვარი, როგორც წესი, ამა თუ იმ ცოდნასა და მის პირობას შორის წარმოიდგენს, შეადგენს გონებითი დასკვნის სხვადასხვა სახეებს. მაშასადამე, გონებითი დასკვნის, ისე როგორც საერთოდ მსჯელობის, სამი სახე არსებობს, რამდენადაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმ წესით, თუ როგორ გამოხატავენ ისინი ცოდნის ურთიერთობას განსჯაში, სახელდობრ: ეს სახეებია: კატეგორიული, ჰიპოთეზური და დიზიუნქციური გონებითი დასკვნები.

    როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, თუ დანასკვი მოცემულია როგორც მსჯელობა, რათა დავინახოთ, ხომ არ გამომდინარეობს იგი უკვე მოცემული მსჯელობებიდან, რომლებითაც იაზრება სრულიად სხვა საგანი, მე განსჯაში ვეძებ ამ დანასკვის დადასტურებას, რათა გავიგო, ხომ არ ექვემდებარება იგი განსჯაში გარკვეულ პირობებს ზოგადი წესის თანახმად. თუ ვპოულობ ასეთ პირობას და თუ დანასკვის ობიექტი მოცემულ პირობას დაექვემდებარება, მაშინ დანასკვი გამომდინარეობს იმ წესიდან, რომელსაც ძალა აქვს აგრეთვე შემეცნების სხვა საგნებისათვისაც. აქედან ჩანს, რომ დასკვნაში გონება ცდილობს განსჯის ცოდნის დიდი მრავალფეროვნება დაიყვანოს პრინციპების (ზოგადი პირობების) უმცირეს რიცხვზე და ამრიგად მიაღწიოს მათ უმაღლეს ერთიანობას.

    C. გონების წმინდა გამოყენების შესახებ

    შეიძლება თუ არა გონების იზოლირება, და თუ შეიძლება, მაშინ არის თუ არა იგი იმ ცნებათა და მსჯელობათა დამოუკიდებელი წყარო, რომლებიც მხოლოდ მისგან წარმოდგებიან და ამ გზით აქვს მას მიმართება საგნებთან, თუ გონება მხოლოდ ის დაქვემდებარებული უნარია, რომელიც მოცემულ ცოდნას გარკვეულ, სახელდობრ, ლოგიკურ ფორმას აძლევს, და რომლითაც განსჯითი ცოდნანი მხოლოდ ერთმანეთს ექვემდებარებიან, ხოლო უმდაბლესი წესები - სხვა უმაღლეს წესებს (ამ უკანასკნელთა პირობა შეიცავს პირველთა პირობებს თავიანთ სფეროში), რამდენადაც ამის მიღწევა შეიძლება მათი შედარებით? აი საკითხი, რომლის წინასწარ შესწავლასაც ახლა უნდა შევუდგეთ.

    მართლაც წესთა მრავალფეროვნება და პრინციპთა ერთიანობა გონების მოთხოვნაა იმისათვის, რომ განსჯა თავის თავთან სრულ თანხმობაში მოიყვანოს, ისევე როგორც განსჯა მჭვრეტელობის მრავალფეროვან შინაარსს ცნებას უქვემდებარებს და მრავალფეროვანს ერთმანეთთან დააკავშირებს. მაგრამ ასეთი ძირითადი დებულება ობიექტებს არ მიაწერს არავითარ კანონს და არ შეიცავს იმის შესაძლებლობის საფუძველს, რომ საერთოდ ობიექტები როგორც ასეთი შევიცნოთ და განვსაზღვროთ, არამედ ის წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი განსჯის ავლადიდების მართვის სუბიექტურ კანონს, რომელიც მოითხოვს, რომ მისი [განსჯის] ცნებების შედარებით მათი საერთო გამოყენება დავიყვანოთ ძირითად დებულებათა რაც შეიძლება მცირე რიცხვზე, მაგრამ ეს ჩვენ უფლებას არ გვაძლევს აღნიშნულ მაქსიმას, იმავე დროს ობიექტური მნიშვნელობა მივანიჭოთ და თვით საგნებისაგან მოითხოვოთ ისეთი თანხმობა, ჩვენი განსჯისათვის რომ ხელსაყრელი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მის გაფართოებას. ერთი სიტყვით, კითხვა ისმება: შეიცავს თუ არა გონება თავისთავად, ე. ი. წმინდა გონება a priori სინთეზურ ძირითად დებულებებსა და წესებს, და რაში შეიძლება მდგომარეობდნენ ეს პრინციპები?

    გონების ფორმალური და ლოგიკური მოქმედების წესი გონებით დასკვნებში უკვე საკმაო მითითებას გვაძლევს იმისათვის, თუ რა საფუძველს ემყარება მისი ტრანსცენდენტალური პრინციპი წმინდა გონებით სინთეზურ შემეცნებაში.

    ჯერ ერთი, გონებით დასკვნა არ არის მიმართული მჭვრეტელობებზე, რომ ისინი წესებს დაუქვემდებაროს (როგორც ამას აკეთებს განსჯა თავისი კატეგორიების საშუალებით), არამედ იგი მიმართულია ცნებებსა და მსჯელობებზე. მაშასადამე, მაშინაც, როცა წმინდა გონება მიმართულია საგნებზე, მას მაინც უშუალო მიმართება აქვს არა მათზე და მათ განჭვრეტაზე, არამედ განსჯასა და მის მსჯელობებზე, რომლებიც პირდაპირ მიმართავენ გრძნობებსა და მათს მჭვრეტელობას, რათა განსაზღვროს მათი საგანი. ამრიგად, გონების ერთიანობა როდი გახლავთ შესაძლო გამოცდილების ერთიანობა, არამედ არსებითად განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან როგორც განსჯის ერთიანობისაგან. ყველაფერს, რაც ხდება, მიზეზი რომ აქვს, სულაც არ გახლავთ გონების საშუალებით შეცნობილი და ნაკარნახევი ძირითადი დებულება. იგი შესაძლებელს ხდის გამოცდილების ერთიანობას და არაფერს არ დაისესხებს გონებისაგან, რომელიც შესაძლო გამოცდილებაზე ამ მიმართების გარეშე, მხოლოდ ცნებებით, ასეთ სინთეზურ ერთიანობას ვერ უბრძანებდა.

    მეორეც, გონება თავის ლოგიკურ გამოყენებაში ეძებს თავისი მსჯელობის (დანასკვი დებულების) ზოგად პირობას, და თვით გონებით დასკვნა სხვა არა არის რა, თუ არა მსჯელობა, აგებული მისი პირობის ზოგად წესქვეშ მიყვანის საშუალებით (დიდი წანამძღვარი). რადგან ეს წესი, თავის მხრივ, გონების იმავე ცდას ექვემდებარება და ამით უნდა მოიძებნოს პირობის პირობა (პროსილოგიზმის საშუალებით), ასე ზევითა და ზევით სვლით მანამდე, სადამდეც საჭიროდ დაინახავენ, ამიტომ აქედან ნათლად ჩანს, რომ საერთოდ გონების განსაკუთრებული ძირითადი დებულება (ლოგიკურ გამოყენებაში) არის: განსჯის განპირობებულ ცოდნას მოეძებნოს განუპირობებელი, რითაც მისი ცოდნის ერთიანობა დამთავრდება.

    მაგრამ ეს ლოგიკური მაქსიმა წმინდა გონების პრინციპად შეიძლება იქცეს მხოლოდ მაშინ, თუ ვაღიარებთ შემდეგს: როდესაც მოცემულია განპირობებული, მაშინ მოცემულია აგრეთვე ერთმანეთს დაქვემდებარებულ პირობათა მთელი მწკრივი, რომელიც, მაშასადამე, თავად განუპირობებელია (ე. ი. საგანსა და მის კავშირშია მოცემული).

    მაგრამ წმინდა გონების ამგვარი ძირითადი დებულება აშკარად სინთეზურია, რადგან, მართალია, განპირობებულს ანალიზური დამოკიდებულება აქვს რომელიმე პირობასთან, მაგრამ არა განუპირობებელთან. ამ ძირითადი დებულებიდან უნდა წარმოიშვას აგრეთვე სხვადასხვა სინთეზური დებულებები; მათ შესახებ წმინდა განსჯამ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ განსჯას საქმე აქვს მხოლოდ შესაძლო გამოცდილების საგნებთან, რომელთა ცოდნა და სინთეზი ყოველთვის განპირობებულია. მაგრამ განუპირობებელი, თუკი ნამდვილად ადგილი აქვს მას, შეიძლება განსაკუთრებულად, საგანგებოდ განვიხილოთ ყველა იმ განსაზღვრებათა მიხედვით, რომლებიც მას განასხვავებენ ყოველგვარი განპირობებულისაგან და ამით მასალა მოგვეცეს ზოგიერთი a priori სინთეზური დებულებებისათვის.

    მაგრამ წმინდა გონების ამ უმაღლესი პრინციპიდან წარმომდგარი ძირითადი დებულებები ყველა მოვლენის მიმართ ტრანსცენდენტური უნდა იყვნენ, ე. ი. ამ პრინციპის ემპირიული გამოყენება არასოდეს არ შეიძლება იყოს მისი ადეკვატური. მაშასადამე, ეს პრინციპი სრულიად განსხვავდება განსჯის ყველა ძირითადი დებულებისაგან (რომელთა გამოყენება სავსებით იმანენტურია), რადგან მათ თემად აქვთ მხოლოდ გამოცდილების შესაძლებლობა. ტრანსცენდენტალურ დიალექტიკაში ჩვენ უნდა განვიხილოთ შემდეგი საკითხები: აქვს თუ არა თავისი ობიექტური სისწორე იმ ძირითად დებულებას, რომ პირობათა მწკრივი (მოვლენათა სინთეზში ან თუნდაც საერთოდ ნივთებზე მიმართულ აზროვნების სინთეზში) ვრცელდება განუპირობებელამდე; რა შედეგები გამომდინარეობს მისგან განსჯის ემპირიული გამოყენებისათვის, ანდა იქნებ სულაც არ არსებობს გონების ასეთი ობიექტურად მნიშვნელოვანი დებულება, არამედ არსებობს მხოლოდ ლოგიკური წესი იმისა, რომ სულ უფრო უმაღლეს პირობებზე ზეაღსვლით მათ სისრულეს მივუახლოვდეთ და ამით ჩვენს შემეცნებაში შევიტანოთ ჩვენთვის შესაძლო უმაღლესი ერთიანობა გონებისა? ხომ არ მიიჩნევა გონების ეს მოთხოვნილება გაუგებრობის გამო წმინდა გონების ტრანსცენდენტალურ ძირითად დებულებად, რომელიც მეტად აჩქარებული წესით თვით საგნებში ახდენს პირობათა მწკრივის ამგვარი განუსაზღვრელი სისრულის პოსტულირებას? რა გაუგებრობანი, მცდარი განმარტებანი და ილუზიები, ცთომილებანი შეიძლება ამ შემთხვევაში შეიპაროს გონებით დასკვნებში, რომელთა დიდი წანამძღვარი წმინდა გონებიდან აიღება, (და რომელიც შეიძლება, პეტიცია უფრო არის, ვიდრე პოსტულატი), და რომლებიც გამოცდილებიდან ამაღლდებიან მათ პირობებამდე. ამ საკითხების გადაწყვეტა შეადგენს ჩვენს ამოცანას ტრანსცენდენტალურ დიალექტიკაში, რომელიც ახლა გვინდა განვავითაროთ ადამიანის გონებაში ღრმად დაფარული წყაროებიდან. მას ორ მთავარ განყოფილებად დავყოფთ: პირველმა მათგანმა უნდა გამოიკვლიოს წმინდა გონების ტრანსცენდენტალური ცნებები, მეორემ კი მისი ტრანსცენდენტური და დიალექტიკური გონებითი დასკვნები.

    პირველი წიგნი. წმინდა გონების ცნებათა შესახებ

    როგორიც არ უნდა იყოს საქმის ვითარება წმინდა გონებიდან წარმომდგარი ცნებების შესაძლებლობის მიმართ: ყოველ შემთხვევაში ეს ცნებები მიიღება არა მარტო რეფლექსიით, არამედ დასკვნითაც. განსჯითი ცნებებიც იაზრება აგრეთვე a priori გამოცდილებამდე და მისი მიზნებისათვის; მაგრამ ისინი სხვას არაფერს შეიცავენ, გარდა მოვლენებზე რეფლექსიის ერთიანობისა, რამდენადაც ისინი აუცილებლად უნდა ეკუთვნოდნენ ერთ შესაძლო ემპირიულ ცნობიერებას. მხოლოდ მათი საშუალებით ხდება შესაძლებელი საგნის შემეცნება და განსაზღვრება. მაშასადამე, პირველად ისინი იძლევიან მასალას დასკვნისათვის, და მათ წინ არ უსწრებს არავითარი a priori ცნებები საგანთა შესახებ, საიდანაც ისინი შეიძლებოდა გამოგვეყვანა დასკვნის საშუალებით. ხოლო მათი ობიექტური რეალობა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემყარება, რომ, რადგან ისინი შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების ინტელექტუალურ ფორმას, ამიტომ მათი გამოყენება ყოველთვის შეიძლება ნაჩვენები იქნეს გამოცდილებაში.

    მაგრამ გონების ცნების სახელწოდება წინასწარ უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ცნება არ იძლევა იმის ნებას, გამოცდილების საზღვრებით შემოიფარგლოს, რადგან იგი ეხება ცოდნას, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს ყოველი ემპირიული ცოდნა (შესაძლებელია, ეს ცოდნა მთელი შესაძლო გამოცდილება ან მისი ემპირიული სინთეზია), და რომელსაც სრულად ვერც მიაღწევს ოდესმე ვერავითარი ნამდვილი გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მას ეკუთვნის. გონებითი ცნებები ემსახურებიან გაცნებიერებას, (Begreifen), ისევე როგორც განსჯითი ცნებები (აღქმათა) გაგებას (Verstehen). თუ გონების ცნებები შეიცავენ განუპირობებელს, მაშინ ისინი ეხებიან ისეთ რამეს, რასაც ეკუთვნის მთელი გამოცდილება, მაგრამ რაც თავად არასოდეს არ არის გამოცდილების საგანი: იგი არის ისეთი რამ, რომელთანაც მივყავართ ჩვენ გონებას მის დასკვნებში გამოცდილებიდან, და რომლის შესაბამისად იგი აფასებს და ზომავს თავისი ემპირიული გამოყენების ხარისხს, მაგრამ არასოდეს არ შეადგენს ემპირიული სინთეზის წევრს. თუ ამის მიუხედავად ამგვარ ცნებებს ობიექტური მნიშვნელობა აქვთ, მაშინ მათ შეიძლება ეწოდოს Conceptus ratiocinati (სწორად გამოყვანილი ცნებები); თუ მათ ასეთი ობიექტური მნიშვნელობა არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში დასკვნის გამოყვანის მოჩვენებით გაგვეპარებიან, მაშინ მათ შეიძლება ვუწოდოთ conceptus ratiocinantes (ბრძნობითი ცნებები). მაგრამ რადგანაც ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა შეიძლება გადაწყდეს განყოფილებაში წმინდა გონების დიალექტიკური დასკვნების შესახებ, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იგი მხედველობაში მივიღოთ, მაგრამ წინასწარ, ისე როგორც წმინდა განსჯით ცნებებს კატეგორიები ვუწოდეთ, ასევე ახალ სახელებს დავარქმევთ წმინდა გონების ცნებებსაც, სახელდობრ, მათ ჩვენ ვუწოდებთ ტრანსცენდენტალურ იდეებს. ამ სახელწოდებას კი ახლავე განვმარტავთ და გავამართლებთ.

    პირველი განყოფილება. იდეებზე საერთოდ

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ენა მდიდარია, მოაზროვნეს ხშირად უჭირს იპოვოს ისეთი ტერმინი, მის ცნებას რომ ზუსტად შეესაბამება, და ამის გამო, იგი ვერც სხვისთვის და ვერც თავისთვის ნამდვილად გასაგები ვერ ხდება. ახალი სიტყვების გამოჭედვა, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობას ჩემულობდე ენაში, რაც იშვიათად დაგვირგვინებულა წარმატებით. ამიტომ სანამ მივმართავდეთ ამ საჭოჭმანო საშუალებას, უფრო მიზანშეწონილია, ჩავიხედოთ უკვე მკვდარ და მეცნიერულ ენაში, ხომ არ მოიპოვება იქ ასეთი ცნება მისთვის შესაფერი გამოთქმით; თუნდაც მისი ძველი გამოყენება მის შემქმნელთა წინდაუხედაობით ერთგვარად მერყევიც იყოს, მაინც უკეთესია, განვამტკიცოთ მისი უმთავრესი მნიშვნელობა (გინდა საეჭვოც იყოს, იხმარებოდა თუ არა იგი სწორედ ამ გაგებით), ვიდრე საქმე წახდეს იმით, რომ ნათქვამი ვერ გაიგონ.

    ამის გამო, თუ გარკვეული ცნებისთვის მხოლოდ ერთადერთი სიტყვა მოიპოვება, რომელიც ამ ცნებას ზუსტად შეესაბამება უკვე მოყვანილი მნიშვნელობით, და რომლის განსხვავებას სხვა მონათესავე ცნებებისაგან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ უფრო გონივრულია, თუ უთავბოლოდ არ მოვეპყრობით, უბრალოდ მრავალფეროვნების გულისთვის, სინონიმურად არ ვიხმართ სხვა სიტყვების ნაცვლად, არამედ საგულდაგულოდ დავიცავთ მის საკუთარ მნიშვნელობას; თორემ ადვილად შეიძლება მოხდეს: რომ ტერმინმა ვერ მიიპყროს ყურადღება, ჩაიკარგოს სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვათა გროვაში და დაიკარგოს ის აზრიც, რომელიც მხოლოდ ამ ტერმინს შეეძლო შეენარჩუნებინა.

    პლატონმა გამოიყენა ტერმინი იდეა ისე, რომ კარგად ჩანს: მას ამ სიტყვა იდეაში ესმოდა ისეთი რამ, რაც არასოდეს არ დაისესხება გრძნობებიდან, და, რამდენადაც გამოცდილებაში არ გვხვდება ისეთი რამ, რაც იდეას ემთხვევა, ამდენად იდეა ბევრად აღემატება ასევე განსჯის ცნებებს, რომლებსაც არისტოტელე იკვლევდა. იდეები მასთან თვით ნივთთა პირველხატებანია და არა უბრალოდ გასაღები შესაძლო გამოცდილებათა მიმართ, როგორც კატეგორიები. მისი აზრით, იდეები გამომდინარეობენ უმაღლესი გონებიდან, საიდანაც ისინი ხვედრიც გამხდარა ადამიანის გონებისა, რომელიც ახლა იმ თავდაპირველ მდგომარეობაში აღარ იმყოფება და იძულებულია მხოლოდ შრომითა და გარჯით უკუ გამოიხმოს ძველი, ახლა უკვე ფრიად გაბუნდოვანებული იდეები მოგონებით (რასაც ფილოსოფია ეწოდება). მე არ მინდა აქ ლიტერატურულ კვლევა-ძიებას შევუდგე, რათა დავადგინო ის აზრი, რომელსაც დიდებული ფილოსოფოსი თავის ტერმინს უკავშირებდა. მე მხოლოდ შევნიშნავ, რომ იშვიათი როდია, ჩვეულებრივ საუბარშიც და თხზულებებშიც, ავტორის მიერ თავის საგანზე გამოთქმული აზრების შედარებით, ჩვენ უფრო უკეთესად ვუგებთ მას, ვიდრე თვით მას ესმოდა, რაკი თავისი ცნება დამაკმაყოფილებლად ვერ განსაზღვრა მან და ამის გამო ხანდახან თავისი საკუთარი განზრახვის საპირისპიროდაც კი ლაპარაკობდა ან ფიქრობდა კიდევაც.

    პლატონი კარგად ამჩნევდა, რომ ჩვენი შემეცნების უნარი ბევრად უფრო დიდ საჭიროებას გრძნობს, ვიდრე იმას, რომ მოვლენები ჩამარცვლოს სინთეზური ერთიანობის თანახმად, რათა მათში გამოცდილების ამოკითხვა შეძლოს; იგი ხედავდა, ჩვენი გონება ბუნებრივად ისეთი ცოდნის სფეროებში აიჭრება, რომ ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე გამოცდილების მიერ მოცემულ რომელიმე საგანს შეუძლია ამ ცოდნას დაემთხვეს; მიუხედავად ამისა მას თავისი რეალობა აქვს და არასგზით არ გახლავთ უბრალო ზმანებანი.

    პლატონი თავის იდეებს უმთავრესად ნახულობდა ყოველივე იმაში, რაც კი პრაქტიკულია[5], ე. ი. რაც კი ემყარება თავისუფლებას, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ისეთ ცოდნას, გონების ნამდვილ პროდუქტს რომ წარმოადგენს.

    ვინც მოისურვებდა სათნოების ცნება გამოცდილებიდან აეღო, ვინც მოიწადინებდა შემეცნების წყაროს ნიმუშად ექცია (რაც ბევრმა ნამდვილად გააკეთა კიდევაც), ის, რაც ყოველ შემთხვევაში მხოლოდ არასრული ახსნის მაგალითად შეიძლება გამოდგეს, იგი სათნოებას გადააქცევდა დროისა და გარემოებისაგან დამოკიდებულ ცვალებად, წესად გამოუსადეგარ, ორმნიშვნელოვან უაზრობად. პირიქით, თითოეულმა იცის, რომ, როდესაც მას ვინმეს სათნოების ნიმუშად წარუდგენენ, ამ ვითომდა ნიმუშს იგი შეადარებს და შეაფასებს მხოლოდ იმ ჭეშმარიტი ორიგინალის მიხედვით, რომელიც მას მუდამ თავში აქვს. ეს ორიგინალი კი გახლავთ სათნოების იდეა, რომლის მიმართ გამოცდილების ყველა შესაძლო საგანი, მართალია, მაგალითებია (დადასტურება იმისა, რომ გონების ცნებების მიერ წაყენებული მოთხოვნები გარკვეული ხარისხით შეიძლება შესრულდეს), მაგრამ სულაც არ გამოდგებიან პირველხატებად. ის, რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ მოიქცევა იმის ადეკვატურად, რასაც სათნოების წმინდა იდეა შეიცავს, სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ ეს აზრი ქიმერაა. რადგან ყოველგვარი მსჯელობა მორალური ღირსებისა თუ უღირსობის შესახებ შესაძლებელია მხოლოდ ამ იდეის საშუალებით; ამრიგად, იგი აუცილებლად საფუძვლად უდევს ყოველგვარ მიახლოებას მორალურ სრულქმნილებასთან, რაც არ უნდა გვაშორებდნენ მას ადამიანის ბუნებაში არსებული, თავიანთი ხარისხით განუსაზღვრელი, დაბრკოლებანი. პლატონის რესპუბლიკა ანდაზად არის ქცეული, როგორც ვითომდა აშკარა მაგალითი საოცნებო სრულქმნილებისა, რასაც მხოლოდ მოცლილი მოაზროვნის ტვინში შეიძლება ჰქონდეს თავისი ადგილი. ბრუკერს სასაცილოდ მიაჩნია ის, რომ ფილოსოფოსი ამტკიცებდა: ხელმწიფეს არ შეუძლია მართოს კარგად, თუ ის იდეებს ნაზიარები არ არისო. უკეთესს კი იზამდნენ, ეს აზრი უფრო ყურადღებით გამოეკვლიათ და გაეშუქებინათ ახალი ნაშრომებით (იქ, სადაც დიდებულმა ადამიანმა უმწეოდ დაგვტოვა) და განზე არ გადაედოთ როგორც უსარგებლო რამ, ძალიან უბადრუკი და მავნე საბაბით, აქაოდა აღუსრულებელიაო. ადამიანის უდიდეს თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო წყობილება ისეთი კანონების თანახმად, რომელთა წყალობით თითოეულის თავისუფლება შეიძლება არსებობდეს ყველა დანარჩენის თავისუფლებასთან ერთად (მე არ ვლაპარაკობ უდიდეს ნეტარებაზე, რადგან იგი ამას თავად მოყვება), ყოველ შემთხვევაში ის აუცილებელი იდეაა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს არა მარტო სახელმწიფოს ძირითადი კანონის, კონსტიტუციის შედგენის დროს, არამედ თითოეული ცალკეული კანონის მიღებას; ამასთან ამ დროს უპირველეს ყოვლისა თავიდანვე უნდა განვეყენოთ აწ არსებულ დაბრკოლებებს, რომლებიც შესაძლებელია სულაც არ წარმოდგებიან აუცილებლად ადამიანის ბუნებიდან, არამედ წარმოიშობიან კანონმდებლობის დროს ჭეშმარიტი იდეების უგულებელყოფის გამო. ვინაიდან იმაზე უფრო მავნებელი და ფილოსოფოსისათვის უღირსი არაფერი შეიძლება იყოს, ვიდრე მოჩვენებით წინააღმდეგობრივი გამოცდილების ვულგარული დამოწმება; ეს წინააღმდეგობრივი გამოცდილება სულაც არ იარსებებდა, თუკი საკანონმდებლო დაწესებულებანი თავის დროზე იდეების მიხედვით მოეწყობოდა და არა ტლანქი ცნებების შესაბამისად, რომელთაც ჩაშალეს ყველა კეთილი განზრახვა სწორედ იმიტომ, რომ გამოცდილებიდან არიან აღებული. რაც უფრო მეტ შესაბამისობასა და თანხმობაში იქნებოდა ამ იდეასთან კანონმდებლობა და მმართველობა, მით უფრო უეჭველად იშვიათი იქნებოდა სასჯელები, და სრულიად გონივრულია (როგორც პლატონი ამტკიცებს), რომ სრულქმნილი წყობილების დროს მსგავსი რამ სულაც არ იქნებოდა საჭირო. თუმცა სრულქმნილი წყობილება არასოდეს არ განხორციელდება, მაინც სრულიად სწორია იდეა, რომელიც ამ Maximum-ს ნიმუშად წარმოადგენს, რათა მით იხელმძღვანელონ და მისი მიხედვით ადამიანთა კანონშესაბამისი სახელმწიფო წყობილება მიუახლოვონ რაც შეიძლება უდიდეს სრულქმნილებას. როგორი შეიძლება იყოს ის უმაღლესი საფეხური, რომელზეც უნდა შეჩერდეს კაცობრიობა, და ამრიგად რამდენად დიდია ის უფსკრული, იდეასა და მის განხორციელებას შორის რომ აუცილებლად რჩება, ამას ვერავინ ვერ განსაზღვრავს და არც უნდა განსაზღვროს, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლებას შეუძლია გადალახოს ყოველი მოცემული საზღვარი.

    მაგრამ არა მარტო იმ სფეროში, სადაც ადამიანის გონება ჭეშმარიტ მიზეზობრიობას ამჟღავნებს და სადაც იდეები იქცევიან მოქმედ მიზეზებად (ქცევებისა და მათი საგნებისა), სახელდობრ, ზნეობრიობის სფეროში, არამედ თვით ბუნების მიმართ, პლატონი სამართლიანად ხედავს იდეებიდან მისი წარმოშობის აშკარა დამტკიცებას. მცენარე, ცხოველი, სამყაროს მწყობრი აღნაგობა (და სავარაუდოა, აგრეთვე მთელი ბუნების წყობაც) აშკარად ადასტურებენ, რომ ისინი შესაძლებელია მხოლოდ იდეების თანახმად, და, თუმცა არც ერთი ცალკეული ქმნილება თავისი არსებობის ცალკეულ პირობებში თავისი სახის ყველაზე სრულქმნილის იდეას არ ემთხვევა (სწორედ ისევე როგორც ადამიანი არ ემთხვევა ადამიანობის იდეას, რომელსაც ის თავის სულში ატარებს, როგორც თავისი მოქმედების ნიმუშს), ეს იდეები მაინც უმაღლეს გონებაში თითოეული ცალ-ცალკე, უცვლელად, სრულად არიან განსაზღვრული და ნივთთა თავდაპირველ მიზეზებს წარმოადგენენ; მხოლოდ და მხოლოდ ნივთთა კავშირის ერთობლივი მთლიანობა სამყაროში სავსებით ადეკვატურია იმ იდეისა. თუ ჩამოვაცილებთ გამოთქმის გაზვიადებულ ფორმას, მაშინ ფილოსოფოსის სულიერი აღმაფრენა სამყაროს წყობის ფიზიკური მხარის ზუსტი განხილვიდან მის არქიტექტონიკურ დაკავშირებამდე მიზნების, ე. ი. იდეების მიხედვით, ისეთი ღვაწლია, პატივისცემასა და წაბაძვას რომ იმსახურებს; მაგრამ რაც შეეხება ზნეობრიობის, კანონმდებლობის და რელიგიის პრინციპებს, სადაც მხოლოდ იდეები (კეთილისა) შესაძლებელს ხდიან თვით გამოცდილებას, თუმცა იგი მათ ვერასოდეს ვერ გამოხატავს სავსებით, ამ მხრივ პლატონს სრულიად განსაკუთრებული დამსახურება აქვს, რასაც მხოლოდ იმის გამო არ აღიარებენ, რომ მას სწორედ იმ ემპირიული წესებით განსჯიან, რომელთა მნიშვნელობა როგორც პრინციპებისა სწორედ ამ გამოცდილებით უნდა მოიხსნას. ბუნების მიმართ სწორედ გამოცდილება გვაძლევს წესებს და იგი ჭეშმარიტების წყაროა; მაგრამ ზნეობრივი კანონების მიმართ გამოცდილება (სამწუხაროდ!) მოჩვენების დედაა, და სრულიად მიუღებელია, რომ კანონები იმის შესახებ, რაც უნდა გავაკეთო, გადმოვიღო იქიდან, ან იმით მოვისურვო მათი განსაზღვრა, რაც კეთდება.

    ნაცვლად ყველა ამ განხილვათა და მსჯელობათა, რომელთა სათანადო გაშლა-განვითარება მართლაც ფილოსოფიის ნამდვილ ღირსებას შეადგენს, ახლა ჩვენ შევუდგებით არა იმდენად ბრწყინვალე, მაგრამ მაინც არც თუ უსარგებლო სამუშაოს, სახელდობრ: გავწმენდავთ და გავამაგრებთ ნიადაგს ზნეობრიობის ამ დიდებული შენობის ასაგებად, რადგან გონებამ, რომელიც ამაოდ თხრიდა ამ ნიადაგს განძის პოვნის იმედით, სულ გამოუთხარა ძირი როგორც თხუნელამ მიწისქვეშა გასასვლელებით და ამ შენობის სიმტკიცე არასაიმედო გახადა. ამრიგად, ჩვენ ახლა ზუსტად და დაწვრილებით უნდა გავეცნოთ წმინდა გონების ტრანსცენდენტალურ გამოყენებას, მის პრინციპებსა და იდეებს, რათა შეგვეძლოს წმინდა გონების გავლენისა და ღირებულების სათანადოდ განსაზღვრა და დაფასება. მაგრამ სანამ ამ წინასწარ შესავალს განზე გადავდებდე, მე ვთხოვ იმათ, ვისაც ფილოსოფია უყვარს (ასეთები კი სიტყვით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივად, სინამდვილეში გვხვდება), თუკი ესა და შემდგომი მოსაზრებანი დამაჯერებლად იქნება მიჩნეული, უნდა დავიცვათ ტერმინი იდეა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით, რათა იგი აღარ აირიოს სხვა ტერმინებთან, რომლებითაც ჩვეულებრივად დაუდევრად და უწესრიგოდ აღნიშნავენ წარმოდგენის ყოველგვარ სახეს, და მეცნიერება ამით არ დაზიანდეს. ჩვენ ხომ არ გვაკლია ისეთი სახელწოდებანი, რომლებიც წარმოდგენის ყოველ სახეს სათანადოდ შეესაბამებიან, ასე რომ არ გვჭირდება სხვის სამფლობელოში შევიჭრათ. აი მათი საფეხურებრივი თანმიმდევრობა. გვარეობა არის წარმოდგენა საზოგადოდ (repraesentatio). მას ექვემდებარება ცნობიერი წარმოდგენა (perceptio). პერცეპცია, რომელსაც დამოკიდებულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტთან როგორც მისი მდგომარეობის მოდიფიკაციას, შეგრძნებაა (sensatio), ობიექტური პერცეპცია შემეცნებაა (cognitio). იგი ან მჭვრეტელობაა ან ცნება (intuitus vel conceptus). მჭვრეტელობას უშუალო მიმართება აქვს საგანთან და ცალკეულია; ცნებას კი საგანთან შუალობითი დამოკიდებულება აქვს, იმ ნიშნის საშუალებით, რომელიც მრავალი ნივთისთვის საერთო შეიძლება იყოს. ცნება ან ემპირიული ანდა წმინდა ცნებაა. წმინდა ცნებას, რამდენადაც მას თავისი სათავე მხოლოდ და მხოლოდ განსჯაში აქვს (და არა მგრძნობელობის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1