Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მექსიკური დღიური
მექსიკური დღიური
მექსიკური დღიური
Ebook290 pages2 hours

მექსიკური დღიური

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. "მექსიკური დღიური" მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა.

ეს არც ტურისტული გზამკვლევია და არც რომანი, მე თვითონაც არ ვიცი, რა ჟანრისაა წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის ხალხის და ბუნების აღწერაც გავბედე – არჩილ ქიქოძე.

Languageქართული ენა
Release dateJun 29, 2023
ISBN9789941373398
მექსიკური დღიური

Related to მექსიკური დღიური

Related ebooks

Reviews for მექსიკური დღიური

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მექსიკური დღიური - Archil Kikodze

    წიგნი, პირამიდები, ვულკანები

    ვერაგია Youtube არხი. ინტერნეტქსელებს აქვთ მეხსიერება. Youtube იმახსოვრებს შენს ან ქსელის სხვა მომხმარებლების ინტერესებს და შესაბამის ვიდეოებს გთავაზობს. ამ შემოთავაზებების მეშვეობით საკუთარი ოჯახის წევრების მისწრაფებებზეც შეგიძლია შეიტყო ბევრი რამ...

    მაგრამ რას შემოგთავაზებს Youtube სასტუმროს ნომერში, სადაც შენამდე ათასობით ადამიანს გაუტარებია ერთი ან რამდენიმე ღამე? ან რა ჭკუაა ცამეტსაათიანი გადაფრენის შემდეგ დაძინების ნაცვლად კომპიუტერის ჩართვა და ამ ვიდეოების თვალიერება. შხაპიდან ლოგინამდე ძლივს მივაღწიე, სახლში მივწერე, რომ ჩავედი, აქ ვარ, მეხიკოში და მაინც ამ ინგლისურენოვან ვიდეოების კრებულს გადავავლე თვალი. „თხუთმეტ წუთში ნაამბობი კორტესის მიერ აცტეკთა იმპერიის დაპყრობა, „მექსიკის ისტორია ოც წუთში, „ათ წუთში ანიმაციით მოთხრობილი მექსიკის რევოლუცია"... სულ ადვილად წარმოვიდგინე ამერიკელი ან ევროპელი ტურისტი, რომელიც ჩემსავით პირველ ღამეს ამ ძველი სასტუმროს კლაუსტროფობიულ ნომერში ათევს, დილით პირველ ექსკურსიაზე უნდა წავიდეს და ამ ვიდეოებს ეცნობა, მთლად მოუმზადებელი რომ არ იყოს, ადგილობრივი გიდი და ექსკურსიის სხვა წევრები ცოდნით რომ გააოცოს. რატომაც არა?! ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს წიგნების საკითხავად აღარ სცალია და არაფერია ცუდი იმაში, თუკი ძილის წინ ამ ფერადი ვიდეოებით შეიქცევს თავს.

    მე კი, თუკი რამით ვარ უპირატესი ჩემ მიერ წარმოსახულ ტურისტზე, ეს, პირველ რიგში, დამსახურებაა ერთი არაჩვეულებრივი წიგნისა, მექსიკაში წამოსვლამდე ორიოდე თვით ადრე ლამაზად რომ მოვიდა ჩემამდე.

    ჩემი უმცროსი მეგობარი, რეჟისორი და მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ინტერესიანი კაცია. ნიჭთან და გულწრფელობასთან ერთად ეს ინტერესი როდისმე დიდ წარმატებამდე მიიყვანს. თორნიკემ უყურა ვერნერ ჰერცოგთან ვრცელ ინტერვიუს, სადაც გერმანელმა რეჟისორმა ბერნალ დიას დელ კასტილიოს „ახალი ესპანეთის დაპყრობის რეალური ისტორია ახსენა და თქვა, რომ მისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი წიგნია, რომელსაც მუდამ უბრუნდება და რომ სწორედ ამ წიგნმა მისცა მუხტი „აგირე – ღვთის რისხვის გადასაღებად.

    მერე თორნიკემ ეს წიგნი შეუკვეთა, წაიკითხა და მე მაჩუქა – მოგეწონება და გამოგადგებაო. ლამის მთელი წელი მეც და ჩემმა მეგობრებმაც ვიცოდით, რომ ნოემბერში, შესაძლოა, მექსიკაში წავსულიყავი, ოღონდ, ისევე როგორც ყველა გეგმა, კოვიდპანდემიის გამო ეს წასვლაც მუდამ ჰაერში იყო გამოკიდებული. ან ჩატარდებოდა გვადალახარის წიგნის ბაზრობა, ან არა, ან მიგვიწვევდნენ, ან არა...

    ჩატარდა და მეც მოვხვდი იქ. მანამდე კი პირველი ღამე მეხიკოში და წაკითხულზე ფიქრი. ამ ღამიდან ერთ კვირაში გვადალახარაში ასეთ რამეს გავიგონებ, რომ მექსიკური ლიტერატურა ბერნალ დიასით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დიასის დროს მექსიკა უბრალოდ არ არსებობდა, ეს მაინც კარგი და მართებული ნათქვამი მგონია. მე უფრო შორსაც წავიდოდი და ამ წიგნს მხოლოდ მექსიკის კი არა, მთელი ლათინური ამერიკის ჯადოსნური ლიტერატურის სათავეში დავაყენებდი.

    ვერნერ ჰერცოგისაც მშვენივრად მესმის. ვგრძნობ, თუ რატომ უბრუნდება ამ წიგნს უსასრულოდ. ეს ისეთი წიგნია, მხოლოდ ისტორიაზე კი არა, ადამიანზე რომ შეიტყობ შემაშინებლად ბევრს.

    ბერნალ დიასი ესპანელი კონკისტადორი იყო. ერთ-ერთ იმ ჯარისკაცთაგანი, რომელიც პირველივე დღიდან ახლდა ერნან კორტესს აცტეკთა სახელმწიფოს (საკუთარი დამსახურების განსადიდებლად თავად კორტესი ამ სახელმწიფოს იმპერიას უწოდებდა, ხოლო მის მმართველ მონტესუმას – იმპერატორს) დაპყრობისას. ბერნალ დიასმა აღწერა ყველაფერი, რაც თავისი თვალით ნახა და რის მონაწილეც იყო. მეთექვსმეტე საუკუნის ოციან წლებში მომხდარ იმ ამბებს მის გარდა კიდევ ბევრი მთხრობელი ჰყავდა. ერნან კორტესიც რეგულარულად სწერდა ანგარიშებს ოკეანის გაღმა თავის ხელმწიფეს და მე ის ბაქიბუქა წერილებიც წაკითხული მაქვს. კორტესს თან ახლდა თავისი მოძღვარი ფრანსისკო ლოპეს დე გომარა, რომელიც დიდი კონკისტადორის პირველი ბიოგრაფი გახდა. ამ ამბების კიდევ ბევრმა მონაწილემ აიღო ხელში კალამი, რათა ორი სამყაროს ომი აღეწერა, მაგრამ ვერნერ ჰერცოგის, თორნიკე გოგრიჭიანის, ჩემი და კიდევ ათასობით სხვათა იღბალია, რომ თავზეხელაღებულ კონკისტადორთა ლაშქარში იყო ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული პატიოსანი მთხრობელი აღმოჩნდა.

    როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და იმაზე მეტად მაინტერესებდა ისტორია, ვიდრე დღეს, კეისრიდან დაწყებული და ნაპოლეონით დამთავრებული, მრავალი მხედართმთავრის მემუარები წავიკითხე და მახსოვს, პირველი შთაბეჭდილება მუდამ მათ ავტორთა ჩვეულებრიობა იყო. არანაირი აზრი, არანაირი იდეა და, რაც მთავარია, არანაირი სენტიმენტი ან სინდისის ქენჯნა, მხოლოდ მესამე პირში მოთხრობილი საკუთარი „გმირობები"... ნაპოლეონმა ამდენი და ამდენი ათასი ტყვის დახვრეტა ბრძანა... დღეს იმ მემუარების ავტორებს ჩვეულებრივ მანიაკებად ვხედავ, მაშინ კი მათი პიროვნებების უღიმღამობამ გამაოცა. ჩემთვის უინტერესოა კორტესის კარლოს მეხუთისადმი მიწერილი წერილებიც, ბერნალ დიასის წიგნი კი ნამდვილი ფერწერული ტილოა სიმამაცის, მომხვეჭელობის, ვერაგობის, ფანატიზმის და საუკეთესო საკითხავია კულტურათა შეჯახების შესახებ. ეს ის ჯახია, რომლის გამოძახილი ახლაც ისმის ლათინური ამერიკის ქვეყნებში და რომელმაც, ბევრ უბედურებასთან ერთად, ამ ქვეყნების განუმეორებელ, მრავალფეროვან კულტურებს ჩაუყარა საფუძველი.

    წიგნის დასაწყისში ახალ სამყაროში, „ახალ ესპანეთში" დამკვიდრებული ღრმად მოხუცებული მემამულე აღნიშნავს, რომ იმ ბრძოლების ვეტერანთაგან, ახალი ესპანეთის პირველ კონკისტადორთაგან მხოლოდ ხუთნიღა არიან ცოცხლები და დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავთ. 1519 წელს კი, როდესაც ესპანელთა ფლოტი კუბიდან ამერიკის კონტინენტისკენ დაიძრა, ის ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო, ერთ-ერთი იმ რამდენიმე ასეულ ჯარისკაცთაგან, ვისაც ისტორიის ყველაზე თავზეხელაღებულ ავანტიურაში უნდა მიეღო მონაწილეობა და მსოფლიოს ბედი უნდა შეეცვალა. მათი უმეტესობა იყო წვრილი აზნაური – იდალგო. ეს იყო მებრძოლთა ფენა, რომელიც არაბთა ბატონობისგან ესპანეთის გათავისუფლების მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში გამოიბრძმედა. იდალგოები მაშინდელი ევროპის, და იქნებ მსოფლიოს, საუკეთესო მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ. მათი ერთადერთი საქმიანობა ომი იყო, მათი ერთადერთი ქონება – იარაღი. ისინი ახალი სამყაროს დასაპყრობად და გასამდიდრებლად გაეშურნენ და ყველგან ნგრევა და სიკვდილი დათესეს. ოთხი საუკუნის მერე კუბელმა პოეტმა, თავად კონკისტადორთა შთამომავალმა ხოსე მარია დე ერედიამ პირველი კონკისტადორები მსხვერპლის ძიებაში ბუდიდან ჭყივილით გამოფრენილ შევარდნებს შეადარა. ისინი მართლა ჰგავდნენ მტაცებლებს და ასეთი იყო იმ წიგნის ავტორიც, რომელიც შეულამაზებლად ყვება სასტიკ ბრძოლებზე, მიღებულ ჭრილობებზე, ამ ჭრილობებზე მალამოდ წასმულ დახოცილ ინდიელთა მუცლის ქონზე, რომელსაც ესპანელები ღამით ადნობდნენ, რომ საკუთარი და ცხენების იარები მოეშუშებინათ, რათა დილით ახალ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ, ყვება ასობით დარბეულ ქალაქსა და სოფელზე, ათასობით გაწყვეტილ ინდიელზე, ოქროზე, რომელიც მასაც და მის თანამოძმეებსაც საღერღელს უშლის, მოსვენებას უკარგავს და ახალი კონტინენტის ჯუნგლებისა და უდაბნოების, ახალი ბრძოლებისა და თავგადასავლებისკენ მიერეკება.

    როგორი იყო ის ძველი სამყარო, ის კულტურა, რომელიც ესპანელებს ამერიკაში დახვდათ? ამის გასაგებადაც საუკეთესოა ეს წიგნი. ეს არის ჩანაწერები კაცისა, რომელიც პირველად სინჯავს თუთუნს, კაკაოს, სიმინდს, წიწაკას, იმ მრავალ რამეს, რასაც ახლა ყოველდღე მოვიხმართ. პირველად ხედავს იმ ცხოველებს და ფრინველებს, რომელთა არსებობის შესახებ მაშინდელმა ევროპამ არაფერი იცოდა. ძრწოლით უყურებს შხამიან გველს, რომელსაც „კუდზე რაღაც კასტანიეტის მსგავსი აქვს გამობმული".

    აცტეკთა იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი, თავისი თვალწარმტაცი ბაღებით, სამხეცით, ბაზრებით და პირამიდებით – ეს ქალაქი მაშინდელ ყველა ევროპულ ქალაქზე ბევრად დიდი იყო. და იქაური სისხლიანი რიტუალები, რომლებიც ესპანელების სისასტიკეს ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევდა, რადგან დამპყრობელთა ღმერთი დასაპყრობთა ღმერთებზე უფრო ლმობიერი იყო.

    დღევანდელი მექსიკის სანაპიროზე კონკისტადორები აარსებენ პირველ ევროპულ ქალაქს, ვერაკრუსს. ცენტრში დგამენ ეკლესიას, მის გვერდით – სამარცხვინო ბოძს, განაპირას კი – სახრჩობელას...

    ასეთი საინტერესო მე ბევრი არაფერი წამიკითხავს.

    და კიდევ, ბერნალ დიასი ძალიან პატიოსანი მთხრობელია. ის ყოველთვის აღიარებს მტრის სიმამაცეს და არ ერიდება ტყუილში ამხილოს ისინი, ვინც ორი სამყაროს ომს შელამაზებულად ყვება.

    ამ ომში იყო ერთი მომენტი, როდესაც კორტესს და მის ხალხს მალვით მოუწიათ აჯანყებული ტენოჩტიტლანის (დღევანდელი მეხიკოს) დატოვება. მაშინდელი ქალაქი მთლიანად ტესკოკოს ტბაზე მდებარეობდა და ამერიკულ ვენეციას ჰგავდა, ოღონდ ზომით ბევრად უფრო დიდს – უზარმაზარს, 250 000 მოსახლით, რომელთაგან თითოეულს სძულდა დამპყრობლები და მზად იყვნენ მათ შუაზე გასახლეჩად. აცტეკებმა ესპანელების გაპარვა შეიტყვეს, დაედევნნენ და ვიწრო დამბაზე სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. იმ ღამეს „სევდის ღამე" ეწოდა, იმ ბრძოლაში კორტესის ხალხის ნახევარზე მეტი გაწყდა, დაიკარგა ცხენზე აკიდებული ოქროულობაც – ესპანეთის მეფისთვის გადადებული ნადავლის მეხუთედი. კორტესის უკან დახევას მისი ყველაზე მამაცი და სასტიკი ოფიცერი პედრო ალვარადო იცავდა. მისი არიერგარდიდან მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი გადარჩა. ალვარადო კი უკანასკნელი დაეწია ესპანელებს და უთხრა, რომ აცტეკთა მიერ აშლილ დამბას გადაახტა. შუბი საბჯენ ჭოკად გამოიყენა და თავზე გადაევლო მტერსაც და წყალსაც. ეს ნახტომი – Salto De Alvarado კონკისტის ლეგენდად იქცა, ამ ნახტომის შესახებ თაობებს უყვებოდნენ ესპანელები, ყველა – ბერნალ დიასის გარდა. ის მხოლოდ ამბობს, რომ ტენოჩტიტლანში დაბრუნებისას საგულდაგულოდ შეათვალიერა დამბის ის მონაკვეთი და დაასკვნა, შეუძლებელია მას ადამიანი თუნდაც ჭოკის დახმარებით გადავლებოდაო.

    „ახალი ესპანეთის დაპყრობის ისტორიაში არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს. დიასი ამერიკის კონტინენტზე გადატანილ პირველ ბრძოლას აღწერს. იმ ბრძოლაში ესპანელებს მაიას ხალხი დაუპირისპირდა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ბრძოლა ერთ საათს გაგრძელდა და მისი ბედი გადაწყვიტეს ერნან კორტესმა და თხუთმეტმა სხვა ცხენოსანმა, რომლებმაც მტერს ზურგიდან დაარტყეს. საინტერესოა, რომ დიასი სახელებით ჩამოთვლის ექსპედიციის მონაწილე თექვსმეტივე ცხენს, ასახელებს მათ პატრონებს. ამ მცირე რაზმს „კავალერიად მოიხსენიებს. ერთი შეხედვით სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ახალი სამყაროს დაპყრობაში ცხენს ცეცხლსასროლ იარაღზე ნაკლები როლი არ ჰქონია. ცხენზე ამხედრებული აბჯარში ჩამჯდარი მეომრები ინდიელებს თავიდან ერთი მთლიანი ზღაპრული არსება ეგონათ, ისევე როგორც – ზარბაზანი და მეზარბაზნე. იმ ბრძოლის ბედიც ცხენმა გადაწყვიტა, მაგრამ კორტესის ბიოგრაფმა გომარამ თავის წიგნში დაწერა, თითქოს საკუთარი თვალით ენახოს, რომ ესპანურ კავალერიას წინ ცხენებზე ამხედრებული სან პედრო და სან დიეგო (წმინდა პეტრე და წმინდა იაკობი) მოუძღოდნენ. ბერნალ დიასი ლოპეს დე გომარასთან პოლემიკაში შედის და ამბობს: „რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა გამარჯვება ჩვენი ბატონი იესო ქრისტეს დამსახურება იყო, მისი დახმარების გარეშე არაფერი გვეშველებოდა... რა თქმა უნდა, ჩვენი ბატონის მფარველობა გვიმაგრებდა ზურგს. ისიც შესაძლებელია, რომ მან გამოგვიგზავნა ჩვენი დიდებული სენიორები სან პედრო და სან დიეგო. შეიძლება ეს მე ვარ იმდენად დიდი ცოდვილი, რომ პატივი არ მხვდა, ისინი დამენახა და მხოლოდ ფრანსისკო დე მორლო დავინახე, რომელმაც ჩვენ დასახმარებლად პირველმა მოაჭენა თავისი შავი ულაყი, მაგრამ, როგორ მოხდა, რომ ბრძოლის ვერცერთმა მონაწილემ ვერ დაინახა ბრწყინვალე მოციქულები... ასე არ იყო საქმე. ეს ჩვენ არ ვიყავით ცუდი ქრისტიანები, ეს გომარაა უვარგისი მთხრობელი..."

    ბნელში მეღვიძება. ჩემს თავთან ჩართულ კომპიუტერში Youtube ისევ ატრიალებს შემეცნებით ვიდეოებს და ვგრძნობ, რომ დამძინებელი აღარ ვარ. საათზე ვიყურები. დილის ხუთია და ეს კარგია – ჩემთვის ბევრიც არის. მოგზაურობისას ახალ ადგილზე ვერასოდეს მძინავს დიდხანს, გამოძინება სახლშიც მეყოფა. ვიცვამ, ნომერს ვტოვებ და ლიფტით ჩავდივარ ვესტიბიულში, მერე გარეთ – უცხო უზარმაზარი ქალაქის ბნელ ქუჩაში, რომელიც უკვე იღვიძებს. ვპოულობ კაცს, რომელიც ჩემთვის უცხო ხილისგან წურავს წვენს, როგორღაც მაგებინებს ფასს და სანამ პირველ სიგარეტს მოვწევდე, იმ ახალი გემოს წვენს ვსვამ უზარმაზარი ჭიქით. კარგა ხანს დავდივარ სასტუმროს შორიახლო, ხშირ-ხშირად ვბრუნდები, ვამოწმებ, ჩვენებმა ხომ არ გაიღვიძეს და დაბლა ხომ არ ჩამოვიდნენ, სასტუმროში ყოველ შესვლაზე მცველად ორი ახმახი ინდიელი მიზომავს სიცხეს. როგორ მსიამოვნებს ეს ბოდიალი... აქ ვარ, მეხიკოში და ეს დაუჯერებელიც არის და რეალურიც. ერთ-ერთ შესვლაზე ვესტიბიულში დათო ტურაშვილს ვპოულობ, ზის და ესპანურად „ხოჯა ნასრედინს" კითხულობს. მარტო აღარ ვარ. დანარჩენებიც მალე გამოჩნდებიან. რვაზე საუზმე გვაქვს. ცხრაზე მძღოლი და გიდი მოვლენ და ტეოტიუაკანის პირამიდების სანახავად წაგვიყვანენ.

    ტურისტი ვარ, აბა რა ვარ!

    უზარმაზარ მეხიკოს მიკროავტობუსის ფანჯრებიდან ვათვალიერებ. ამ ქვეყანას ისე დავტოვებ, რომ მისი დედაქალაქის ვერც თავს გავიგებ და ვერც ბოლოს. არც მქონია მცდელობა, რამდენიმე დღეში ეს მრავალმილიონიანი ქალაქი შემეცნო. ამიტომაც მეხიკო არასოდეს მინახავს ჩემს ფერად სიზმრებში, რომლებსაც დღემდე ვხედავ.

    როგორ არ გავიხსენო რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინო" და მისი გულით ავადმყოფი მოხუცი პერსონაჟი, ოჯახის წევრებისგან მალვით რომ რეკავს მეხიკოში და იქ თავისსავით მოხუც მეგობარს სთხოვს, ყურმილი ფანჯარაში გაყოს და იმ ქალაქის ხმაური მოასმენინოს, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყო. ექიმები აფრთხილებენ, რომ ეს სეანსები დაღუპავს, მაგრამ მოხუცი მაინც არ იშლის თავისას და როდესაც ერთ დღესაც მკვდარს იპოვიან, ხელში ტელეფონის ყურმილი აქვს ჩაბღუჯული, მასში კი შორეული ქალაქის ხმაური, ტრამვაის რელსების ზრიალი, მანქანების სიგნალები, ადამიანების გადაძახილი ისმის...

    მოჟამული დილა. უზარმაზარი მოედნები, სადაც წითელფოთლიანი აღდგომის ყვავილები ხარობს. მე არ ვიცოდი, ამ მცენარის სამშობლო თუ მექსიკა იყო. ამას ჩვენი გიდი, ჩასკვნილი და ჩასუქებული ტიბურსიო გვიყვება. სოკალო – მთავარი მოედანი, სადაც ოდესღაც აცტეკთა ტაძრები და პირამიდები იდგა. კონკისტადორებმა ისინი მთლიანად დაანგრიეს და მათ ადგილას უზარმაზარი კათოლიკური ტაძრები ააშენეს.

    პირველი გაჩერება სამი კულტურის მოედანზე გვაქვს. ისევ მეხიკოში ვართ, მაგრამ ისტორიულ ტენოჩტიტლანს კარგა ხანია გავცდით. ეს მისი სატელიტი ქალაქის ტლაკელოლკოს ცენტრია. თუკი ტენოჩტიტლანის მცხოვრებლები მეომრები იყვნენ, ტლაკელოლკოელები ვაჭრობას და ხელოსნობას მისდევდნენ. აქაურმა უზარმაზარმა ბაზარმა ბერნალ დიასზე და სხვა კონკისტადორებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელებმა აქაური პირამიდებიც დაანგრიეს და მათი ქვებით ის ტაძრები აშენეს, რომელსაც ახლა საკუთარი თვალით ვხედავ, ოღონდ, მეხიკოს ცენტრისგან განსხვავებით, ინდიელთა კულტურული კვალი სამი კულტურის მოედანზე მაინც შემონახულია. კარგად ჩანს უზარმაზარ ნაგებობათა საძირკვლები და ქუჩებიც კი, მაგრამ ძეგლს მხოლოდ ღობიდან ვუცქერით. კოვიდრეგულაციების გამო ამ ქუჩებზე ვერ გავივლით...

    როდესაც ერნან კორტესი ტენოჩტიტლანის ხელმეორედ დასაპყრობად დაბრუნდა და აცტეკთა დედაქალაქს სამი მხრიდან შეუტია, ამ ადგილას საშინელი ბრძოლები გაიმართა. ბერნალ დიასის წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ აცტეკთათვის მოწინააღმდეგის მოკვლაზე მნიშვნელოვანი მისი ცოცხლად შეპყრობა და ღვთაებებისთვის მსხვერპლად შეწირვა იყო. მე მგონია, რომ სწორედ ამის წყალობით გადაურჩა თავად ერნან კორტესი სიკვდილს, როდესაც ის ინდიელმა მებრძოლებმა შებოჭეს და მისი დახსნა თანამებრძოლებმა ძლივს მოახერხეს. თავად წიგნის ავტორიც ძლივს გადაურჩა ტყვეობას, ბოლო წამს მოახერხა იმ ხელის განთავისუფლება, რომელშიც ხმალი ეჭირა და ბრძოლით გაიკაფა თავისიანებისკენ გზა. ზოგს ნაკლებად გაუმართლა და ბერნალ დიასს აღწერილი აქვს, როგორ სწირავდნენ მსხვერპლად აცტეკები მის დატყვევებულ თანამებრძოლებს და ეს ყველაფერი სწორედ აქ ხდებოდა, რადგან ტენოჩტიტლანის მთავარი ტაძარი ესპანელებს უკვე დანგრეული

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1